ქუთაისში, თევზმომშენებელ ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა – რა საკითხები განიხილეს?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი მეთევზე ფერმერებს შეხვდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს დარგში არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის აუცილებლობაზე, რათა მოხდეს დაავადებების პრევენცია და, შესაბამისად, აღმოიფხვრას თევზის პროდუქტებთან დაკავშირებული ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო რისკები.
შეხვედრაზე ფერმერებს თევზის დაავადებების დიაგნოსტირების მიმართულებით ლაბორატორიაში დანერგილი კვლევები გააცნეს.
მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს თევზის დაავადებების დიაგნოსტიკასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, ნიმუშების აღებისა და ლაბორატორიაში მიწოდების წესი.
ქ. ქუთაისში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი ქუთაისის რეგიონულ ლაბორატორიას ეწვია, დაათვალიერა თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა და თევზის დაავადებების მიმართულებით ლაბორატორიაში დანერგილ კვლევებს გაეცნო.
ფერმერებთან გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს