ქუთაისის არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სამი თანამშრომლიდან ორს – სოციალური მუშაკსა და ფსიქოლოგს ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ. სოციალური მუშაკი ანა ენდელაძე ეჭვობს, რომ მას პოლიტიკური მოსაზრების გამო ათავისუფლებენ.
რეფერირების ცენტრი რთული ქცევის მქონე არასწროლწოვნებთან მუშაობს და თუ ახალ კადრებს არ აიყვანენ, მხოლოდ ერთი თანამშრომელი რჩება – არასრულწოვნებთან მომუშავე სპეციალისტი. ამ პირობებში ცენტრის ნორმალური ფუნქციონირება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ანა ენდელაძის მსგავსად დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული ბიუროს კიდევ 10-მდე სოციალურ მუშაკს აცნობეს, რომ 2025 წლიდან მათი ხელშეკრულებები აღარ გაგრძელდება. სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ ამის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც ისინი ეჭვს გამოთქვამენ, რომ გათავისუფლება პოლიტიკური მიზეზებით მოხდა.
“ნეტგაზეთი” ესაუბრა ქუთაისის რეფერირების ცენტრის ჯერ კიდევ მოქმედ სოციალურ მუშაკს, ანა ენდელაძეს. მას ბიუროს ადმინისტრაციიდან გუშინ დაურეკეს და უთხრეს, რომ ხელშეკრულება, რომელიც 31 დეკემბერს სრულდება, აღარ გაუგრძელდება. ენდელაძე ამბობს, რომ სატელეფონო საუბრისას მისთვის მიზეზები არ აუხსნიათ. მან ხელმძღვანელობას ოფიციალური მეილიც მისწერა, რომელზე პასუხიც ამ დრომდე არ მიუღია.
“ბევრი ინფორმაცია არ მაქვს. იმიტომ, რომ მიზეზი არც სატელეფონო კომუნიკაციის დროს არ აუხსნიათ. მე ოფიციალური მეილით მივიწერე, თუმცა პასუხი ჯერ არც ამაზე მიმიღია. არ ვიცით. წინაპირობა უნდა ქონდეს, ალბათ, რომ არ მოეწონათ ჩემი პროფესიული საქმიანობა. თუმცა, ამასთან დაკავშირებით შენიშვნა წერილობით, ან სიტყვიერი აქამდე არ მიმიღია. ანუ, მიზეზი, რის გამოც მათავისუფლებენ , არ მაქვს, არ მოუწოდებიათ. ჩემთვის პირადად არ უთქვამთ, მაგრამ იმასაც ასახელებენ, რომ ფინანსური კრიზისის გამო ვართ ჩვენ გათავისუფლებულები. თუმცა, ესეც არალოგიკურად მიმაჩნია, ვინაიდან ჩვენი, ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის გარეშე ქუთაისის ცენტრი როგორ იფუნქციონირებს?! აღარ დარჩა სპეციალისტები. მაშინ საერთოდ უნდა დაიხუროს. ამ შემთხვევაში, როგორ ხდება ბავშვების ინტერესების გათვალისწინება, ესეც ცალკე საკითხია”, – ამბობს ენდელაძე.
მას ვკითხეთ, რატომ მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველი პოლიტიკურია. ენდელაძე ამბობს, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, სოციალური მუშაკები საჯაროდ და აქტიურად აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. 20 დეკემბერს მათ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, შეუერთდნენ სამოქალაქო საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციებზე დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. 21 დეკემბერს მათ ამ მოთხოვნებით საპროტესტო აქცია და მარში გამართეს.
“ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები საჯაროა. მე პირადად ამ მარშზე ფიზიკურად ვერ ვიყავი, იმიტომ რომ ქუთაისში ვარ დასაქმებული და ვერ მოვახერხე, რომ თბილისში ჩამოვსულიყავი, თუმცა, ზოგადად, სოციალური მუშაკები ემიჯნებიან ევროინტეგრაციის შეჩერებას და ჩვენ ხელიც მოვაწერეთ შესაბამის განცხადებას. მე ვერ ვიტყვი, რომ სამსახურში ჩემი ზემდგომები ან ხელმძღვანელები პოლიტიკური ნიშნით რამეს მომიწოდებდნენ, ან ზეწოლა იყო, ან რაიმე განხილვა გვქონდა ამ თემასთან დაკავშირებით. მე არავინ შემხებია. უბრალოდ, სხვა ობიექტური მიზეზი არ არსებობს. არ ვიცი, რატომ შეიძლება გვათავისუფლებდნენ. ამიტომ, მე მაქვს ეჭვი, რომ გამომდინარეობს იმ პოლიტიკური პროცესებიდან, რაც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს”, – ამბობს ანა ენდელაძე.
სოციალური მუშაკი წუხს, რომ კადრების არარსებობის შემთხვევაში ბავშვები, რომლებთანაც მუშაობდა, შესაბამისი სერვისების და ზრუნვის გარეშე დარჩებიან.
“ჩვენ ვმუშაობთ რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანებთან. რთული ქცევის დეფინიცია მრავალია. შესაძლოა შედიოდეს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები, ვინც 14 წლამდე არიან. ასევე, როცა აქვთ ისეთი ქცევა, რომლითაც საზოგადოებას საფრთხე ექმნება. უშუალოდ ჩემი, როგორც სოციალური მუშაკის საქმიანობა მოიცავს იმას, რომ მე ვარ შემთხვევის მმართველი: ინდივიდუალურად ვაფასებ ბავშვს, მის საჭიროებებს. რა თქმა უნდა, კომუნიკაციაში ვარ ოჯახთან. იმიტომ, რომ უნდა შეფასდეს როგორც ფსიქოლოგიურ საჭიროებები, ასევე მისი სოციალური გარემო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც სოციალურ მუშაკს აქვს რეფერირების ცენტრში, ეს არის მაკოორდინირებელი ფუნქცია. ბავშვთან მუშაობის საკითხში ჩართულები არიან სხვადასხვა უწყებები. ეს შეიძლება იყოს მანდატურის სამსახური, სკოლა, ზრუნვის სააგენტო, პროკურატურა და ა.შ. მე ვარ მაკოორდინირებელი სოციალური მუშაკი, რომ თითოეული უწყების საქმიანობა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს მოემსახუროს, რათა ეს რთული ქცევა შეიცვალოს და გაუმჯობესდეს არასრულწლოვანის ცხოვრების ხარისხი”, – ამბობს ანა ენდელაძე.
ენდელაძე ყურადაღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ქვეყანაში კვალიფიციური სოციალური მუშაკების ნაკლებობაა. განსაკუთრებით, რეგიონებში. ეს, მეტწილად შეუსაბამო შრომის პირობებს და დაბალ ანაზღაურებას უკავშირდება. ამის გამო, უწყებებში დასაქმებულ სოციალურ მუშაკებს ბევრი საქმის ერთდროულად მართვა უწევთ. ამ ფონზე, პრობაციის ბიუროდან კადრების გათავისუფლება მისთვის გაუგებარია.
“რეგიონებში განსაკუთრებული პრობლემებია. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მე თავადაც ერთი სოციალური მუშაკი ვიყავი. ზოგადადაც, ძალიან ჭირს სოციალური მუშაკების დასაქმება, მათი მოზიდვა და ვინც დასაქმებულები ვართ, ჩვენც ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. არ არის საკმარისი კადრი. ჩემ შემთხვევაშიც, ამ რამდენიმე დღის განმავლობაში დამეწერა დაახლოებით 30 ახალი შემთხვევა, რომელზეც უნდა მემუშავა, რა თქმა უნდა, არსებობდა ძველი, მიმდინარე საქმეებიც. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ჩვენი მოვალეობები შევასრულოთ. თუმცა იმ ფონზე, რომ ძალიან ბევრი სოციალური საჭიროება არსებობს საზოგადოებაში სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან, იქნება ეს ბავშვები, ხანდაზმულები თუ ძალადობის მსხვერპლი ქალები, როდესაც არ არსებობს შესაბამისი ანაზღაურება და კადრები, ამის ფონზე როცა უმიზეზოდ, ახსნის გარეშე ხდება სოციალური მუშაკების გათავისუფლება, ეს რა თქმა უნდა, პირელ რიგში დაარტყამს სოციალური მუშაკების თემს, ასევე აისახება საზოგადოებაზეც, რადგან სოციალური მუშაობა საზოგადოების განვითარებას, უკეთესი პირობების შექმნას ემსახურება”, – ამბობს ენდელაძე.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს, რომლის დაქვემდებარებაშიცაა პრობაციის ეროვნული ბიურო. უწყებაში დაგვიდასტურეს ინფორმაცია, რომ 10-მდე სოციალურ მუშაკს ხელშეკრულებებს აღარ უგრძელებენ. თუმცა, მათ არ განუმარტავთ, რა გახდა ამის საფუძველი, აიყვანენ თუ არა მათ ნაცვლად სხვა კადრებს, როგორ გააგრძელებს ბიურო, განსაკუთრებით რეგიონული ცენტრები მუშაობას და ა.შ.
“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, დღეს გაიმართა შეხვედრა გათავისუფლებული სოციალური მუშაკების ნაწილსა და ბიუროს ხელმძღვანელობას შორის. ჯერჯერობით უცნობია, რა შედეგით დასრულდა ეს შეხვედრა. თუმცა, სოციალური მუშაკები არ გამორიცხავენ სამართლებრივ დავას მათი შრომითი უფლებების დასაცავად. ისინი ამ ეტაპზე იურისტებთან გადიან კონსულტაციას.
ამავე თემაზე:
· ვეჭვობთ, რომ პრობაციის სააგენტოდან სოციალურ მუშაკებს პოლიტიკური შეხედულების გამო ათავისუფლებენ – ასოციაცია