Travel To Georgia-ს დირექტორის ლაშა ბერეკაშვილის თქმით, ქვეყანაში არსებული კრიზისის გამო ტურიზმის ინდუსტრია მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის. რეგიონში განულებულია ჯავშნები, რის გამოც რამდენიმე მცირე და საშუალო ზომის ობიექტი უკვე დაიხურა. როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას ბერეკაშვილმა განაცხადა, მძიმე ფინანსურ კრიზისში არიან კვების ობიექტები და სექტორში დასაქმებული პირებიც.
„ქუთაისში და იმერეთში საკმაოდ მწვავედ დადგა ტურიზმის კრიზისი, რაც გამოწვეულია მთელი წყება პრობლემებით. მქონდა საუბარი რამდენიმე მცირე და საშუალო ზომის სასტუმროსთან, რომლებმაც თქვეს, რომ დახურეს ობიექტი, გაზაფხულამდე დაითხოვეს თანამშრომლები და დააკვირდებიან სიტუაციას. მიზეზი არის ის, რომ ჯავშნები განულებულია და უჭირთ მიმდინარე ხარჯების დაფარვა. ეს ვფიქრობ საგანგაშო მდგომარეობაა და უახლოვდება პანდემიის პერიოდს.
ასეთივე მდგომარეობაა კვების სექტორშიც, დიდი ზიანი მიადგა მათაც. უკვე სამი კვირაა კრიზისია და ცხადია მათზეც აისახა. აღარ ვსაუბრობ გიდებზე, რომლებიც პირდაპირ დამოკიდებული არიან უცხოელ ვიზიტორებზე, ისინიც მთელი ეს პერიოდია დაუსაქმებელი არიან.
ჩემი კომპანიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ გავაუქმეთ ყველა საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა, რადგან არ ვიცით რა იქნება, არ ვრისკავთ დამატებითი ფინანსური ხარჯების გაღებას, არადა ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე ზოგადად ქვეყნისთვის. ჩვენ ასევე ვმუშაობთ გამყვან ტურიზმზეც და ის, რაც გვქონდა დაგეგმილი 2-3 თვით ადრე მხოლოდ ამ ტურებს ვემსახურებით, თუმცა ახალ ტურებს ვერ ვდებთ, ესეც დიდი ფინანსური ზარალია.“ – განაცხადა ბერეკაშვილმა.