ქუთაისში დააკავეს აქტივისტი, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე დასწრება სურდა

სამოქალაქო აქტივისტის და მასწავლებლის, მიხეილ მუმლაძის საქმეზე სხდომის გამართვას ელოდებიან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
მუმლაძე დღეს, 22 აპრილს, ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრთან მაშინ დააკავეს, როდესაც თეატრში ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტებს განიხილავდნენ.
მიხეილ მუმლაძემ განხილვის დაწყების დროს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე არ უშვებდნენ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ს მიმართა, რომ შენობაში შეეშვათ.
„ქართულ ოცნებას აქვს საყოველთაო-სახალხო შეხვედრა ხალხთან მესხიშვილის თეატრში და არ მიშვებენ შიგნით. არადა არასრულწლოვანებს და ოჯახის ღირებულებებს ეხება. ოჯახიც მყავს და 300 მოსწავლე კიდე.
მამუკა მდინარაძე უთხარი შემომიშვან”, – დაწერა მიხეილ მუმლაძემ.
ამ პოსტის გამოქვეყნებიდან ოთხი საათის განმავლობაში მუმლაძეს ცოლი და მეგობრები ეძებდნენ.
„ერთადერთი ვიცით, რომ დილით მივიდა საჯარო განხილვაზე და არ შეუშვეს, რის შესახებაც დაწერა პოსტი და მას შემდეგ გაქრა. შემოვიარეთ პოლიციის განყოფილებები და არსად არ იყო დარეგისტრირებული მისი აყვანის შესახებ ინფორმაცია და არც ოქმი იყო შედგენილი. ახლახან მესამე განყოფილებიდან გვაცნობეს, რომ სასამართლოშია გადაყვანილი და ველოდებით სხდომის ჩანიშვნას“, – თქვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ქუთაისის ოფისის კოორდინატორმა ლელა მოწონელიძემ, რომელიც მიხეილ მუმლაძის ინტერესებს იცავს.
ლელა მოწონელიძის თქმით, ადვოკატებს არ მიეცათ შესაძლებლობა, გასაუბრებოდნენ მიხეილ მუმლაძეს და მხოლოდ ის იციან, რომ თეატრის წინ, კიბეებზე მჯდარი, განრიდების მიზნით აიყვანეს.
მიხეილ მუმლაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის (წვრილმან ხულიგნობას) დარღვევას ედავებიან.
ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, 22 აპრილს დაიწყო ლგბტ უფლებების შემზღუდავი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა. ცვლილების ინიციატორი მმართველი პატია „ქართული ოცნებაა“. განხილვა ჰომოფობიური განცხადებების ფონზე მიმდინარეობდა, რასაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები ღიმილით ხვდებოდნენ.
ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 25 მარტს წარუდგინა ჟურნალისტებს. ამ ცვლილებების მიღების შემთხვევაში მნიშვნელოვნად შეიზღუდება ლგბტ პირთა უფლებები. კერძოდ:
· არასრულწლოვანის შვილად აყვანა შეეძლება ქორწინებაში მყოფ ოჯახს (ქალსა და კაცს) ან ჰეტეროსექსუალ ადამიანს;
· აიკრძალება სქესის შეცვლასთან დაკავშირებით ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა;
· აიკრძალება იმგვარი შეკრებები და პროგრამების ან მასალების გავრცელება, რომლებიც ერთნაირსქესიანი წყვილის ან სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის „პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“.
მმართველ პარტიას მოქმედ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საკმარისი ხმები არ აქვს, თუმცა პროექტის საყოველთაო განხილვები მაინც დაიწყო.
დეპუტატები მოსახლეობასთან შეხვედრას აპირებენ ამბროლაურში – 23 აპრილს, ოზურგეთში – 24 აპრილს, ბათუმში – 25 აპრილს, ზუგდიდში – 26 აპრილს, მესტიაში – 27 აპრილს.

ასევე დაგაინტერესებთ

ტომას ვეიცი – საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა უნდა, ამაზე მეტი ავტორიტარული ქცევის მტკიცებულება რა გსურთ – ეს არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება და ისინი ქვეყანას ევროკავშირს სანტიმეტრითაც ვერ დაუახლოებენ