ქუთაისში, „გუბერნსკის ციხეს”, სადაც სასჯელს სტალინიც იხდიდა, ანგრევენ და მის ადგილას საცხოვრებელ მრავალსართულიან კორპუსს აშენებენ

ქუთაისში, „გუბერნსკის ციხის” შენობას დაანგრევენ და მის ადგილას საცხოვრებელი მრავალსართულიანი კორპუსი აშენდება კომერციული ფართებით, ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე „გუბერნსკის ციხის” სახელით ცნობილი შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო. ქონების ეროვნულმა სააგენტომ ობიექტი გასაყიდად აუქციონზე 2019 წელს გაიტანა. საწყისი ფასი 3 490 000 ლარი იყო, თუმცა, მაშინ მისი შეძენით არავინ დაინტერესებულა. შემდეგ კი ქონება ქუთაისელმა ბიზნესმენმა, დავით კოსტავამ შეიძინა. კოსტავამ 9 196 კვ.მ ფართზე განთავსებულ შენობაში 1 750 000 ლარი გადაიხადა. ქუთაისის ბიუჯეტმა აქედან თანხის მხოლოდ 35% მიიღო, დანარჩენი კი ცენტრალურ ბიუჯეტს დარჩა.
სსიპ-სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ მომზადებულ საექსპერტო დასკვნაში წერია, რომ პროექტით იგეგმება ქალაქ ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე, #39ა-ს სამხრეთით მდებარე შპს „იბერია სტარ გრუპის“ საკუთრებაში არსებული 9196 კვ.მ. ფართობის არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კორპუსის მოწყობა მასთან არსებული კომერციული ფართებით. ნაკვეთი ურბანულ ქსოვილში, ქალაქი მუზეუმის საზღვრებში მდებარეობს და წარმოადგენს ქუთაისი ყოფილი წინასწარი დაკავების იზოლატორს, რომელიც ახლა უფუნქციო და მოუვლელია. ნაკვეთზე განთავსებულია ძველი ავარიული შენობა ნაგებობები, რომელთა დემონტაჟიც იგეგმება.
დასკვნა ქუთაისის მერიის ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურის მომართვის (მიმდინარე წლის 2 მაისს) საფუძველზე მოამზადა. თავის მხრივ, მერიის შესაბამის სამსახურს განცხადებით სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ, შპს „ზიარ არქიტექტურამ”, ობიექტის მეპატრონის, ანუ დავით კოსტავას დაკვეთით მიმართა. ახლა ჯერი ქუთაისის საკრებულოზეა, რომელმაც ტერიტორიის განაშენიანების აღნიშნული დოკუმენტი უნდა დაამტკიცოს.

დოკუმენტის მიხედვით, გ. ტაბიძის ქუჩაზე (N39ა-ს სამხრეთით მდებარე 9196 კვ.მ. ფართობის ტერიტორია) მდებარე მიწის ნაკვეთზე 6-სართულიანი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი უნდა მოეწყოს, მასთან არსებული კომერციული ფართებით.
„ქუთაისი პოსტი“ წერს, რომ „გუბერნსკის ციხეში” სასჯელს 1903 წელს იოსებ სტალინიც იხდიდა. ციხის ორსართულიანი შენობა მე–19 საუკუნეში აშენდა. თავდაპირველად ობიექტი სხვა დანიშნულების იყო. თუ როდის გახდა სასჯელაღსრულების დაწესებულება, ზუსტი თარიღი უცნობია. ცნობილია, მხოლოდ ის, რომ შენობაში ციხემ ფუნქციონირება მე–20 საუკუნიდან დაიწყო. „გუბერნსკის ციხის” საპყრობილე 650 მსჯავრდადებულზე იყო გათვლილი. რაც შეეხება სახელს, მასზე მაშინდელი ს იმპერიის გავლენა იგრძნობა, „გუბერნსკი“ – საგუბერნიო ციხეს ნიშნავს. ციხემ ფუნქციონირება 2005 წელს შეწყვიტა. მაშინ როცა, ავტოქარხნის დასახლებაში N2 სასჯელაღსრულების დაწესებულება აშენდა.