ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქუთაისში, დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის თანამშრომლებსა და დევნილებს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძე, დევნილთა განსახლების მიზნით, მიმდინარე მონიტორინგის პროცესს გაეცნო.
უწყების გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ დაწყებულია მუშაობა იმ დევნილი ოჯახების შესარჩევად, რომლებსაც, მათი სოციალური საჭიროებების შესაბამისად, ბინები გადაეცემათ.
“ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სამი 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში, 720 დევნილი ოჯახი თანამედროვე სტანდარტების, გარემონტებულ, ახალ ბინებს მიიღებს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს დევნილი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობა ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზეც. ჯამში, რამდენიმე თვეში, ქუთაისში სრულად გარემონტებული ბინა 1040 ოჯახს გადაეცემა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროგრამა 2023 წელს დაიწყო. საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა ქვეყნის 5 ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში ერთდროულად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელ ფართს ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.