ქუთაისში 26 იანვარს გამართული აქციის მონაწილეებს, რომლებიც დაპატიმრებულ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს უცხადებდნენ სოლიდარობას, შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. მათ 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრებათ.
26 იანვარს ქუთაისში დაახლოებით 30 წუთიანი აქცია გაიმართა მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან, რომელმაც არ განიხილა მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი უკანონო პატიმრობის შესახებ.
მალხაზ ოქროპირაშვილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეცაა. ის ერთ-ერთია იმ ქართველი მოსამართლეებიდან, რომელთა დასანქცირებაც ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მოითხოვა.
აქციის ცხრა მონაწილეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, 15 დღემდე ვადით დაპატიმრება ემუქრებათ.
მათ შორის არიან მომღერალი ნინო ქათამაძე, ფსიქოლოგი მაია ცირამუა, მასწავლებელი ლადო აფხაზავა და ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.
კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, იგივე ქმედება გამოიწვევს 5 000 ლარით დაჯარიმებას ან 60 დღემდე პატიმრობას.
საქმეს 10 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს.