ქუთაისის ხელისუფლება “მადლიერების სახლის” შენობას ასხვისებს | ენმ-ს განცხადებით, ბენეფიციარების ბედი გაურკვეველია

ქუთაისში ხელისუფლება უფასო სასადილოს, “მადლიერების სახლის” შენობას ასხვისებს – ამის შესახებ ბრიფინგი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიგა შუშანიამ გამართა.
შუშანიას ინფორმაციით, დაწესებულების შენობა, სადაც ქალაქის მასშტაბით უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები უფასოდ იღებენ საკვებს, საპრივატიზაციო ნუსხაშია შეტანილი და ქუთაისის საკრებულომ გადაწყვეტილებას მხარი უკვე დაუჭირა.
მისივე თქმით, ამ დრომდე არ არსებობს არცერთი შენობა, სადაც ხელისუფლება გეგმავს, რომ “მადლიერების სახლის” ალტერნატივა გადაიტანოს. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ 650-მდე ბენეფიციარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტის გარეშე რჩება.
“ქუთაისის მერის მორიგი ახირების გამო, ეს შენობა, უფასო სასადილო, სადაც 650-მდე ადამიანი ყოველდღიურად უფასოდ იკვებება, ჩასვეს გასაყიდი ობიექტების ნუსხაში. მათ ამ უაზრო ახირებაზე უარი უნდა თქვან, არ გამოიტანონ აუქციონზე, სანამ ახალი ფართი არ აშენდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ წერეთელი და აღმაშენებელი წლებია ვერ დააგო ქუთაისის მერმა, კარგად ვიცით რომ ამ შენობასაც დიდი ხანი მოუნდება მერი და ეს ადამიანები დარჩებიან ბედის ანაბარა”, – ამბობს გიგა შუშანია.
სასადილოს ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.

ასევე დაგაინტერესებთ