ორთვიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია 2025 წლის 15 სექტემბერს ბათუმში დაკავებული 35 წლის საიმონ ლევიევი, ცნობილი “ნეტფლიქსის” სერიალით “ტინდერის თაღლითი”. იგი გერმანიის მოთხოვნით საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფებოდა, როგორც “ინტერპოლის” წითელი ცირკულარით ძებნილი.
როგორც მისი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, საიმონ ლევიევმა დღეს ისე დატოვა ქუთაისის პენიტენციური დაწესებულება, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული “საქმე სრულად შეწყდა” და ყველანაირი პირობის გარეშე გათავისუფლდა. მას ციხის დატოვებისთვის არ დასჭირვებია არც გირაოს გადახდა, არც საპროცესოს გაფორმება და არც სამოგზაურო შეზღუდვები დასწესებია. კუბლაშვილის განმარტებით, გერმანულმა მხარემ უკან წაიღო მისი დაპატიმრებისა და ექსტრადაციის მოთხოვნა – ადვოკატი ამ გადაწყვეტილებას საქმეში საიმონის წინააღმდეგ მტკიცებულებების არარსებობით ხსნის.
საიმონ ლევიევის წინააღმდეგ საქმე გერმანიაში აღძრული იყო ბერლინში მცხოვრები ქალის ჩვენების საფუძველზე – ის ამბობდა, რომ ლევიევი სწორედ ტინდერზე გაიცნო, მისგან მანიპალაციებისა და ემოციური ძალადობის მსხვერპლი გახდა და საბოლოოდ 50 000 ევრომდე თანხა გამოსძალა. ექსტრადიციისა და გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, საიმონ ლევიევს თავისუფლების 10 წლამდე აღკვეთა ემუქრებოდა. რა გახდა მის წინააღმდეგ საქმის შეწყვეტის მიზეზი გერმანიის მხრიდან, ამ დროისთვის უცნობია.
საიმონ ლევიევის (იგივე შიმონ იეჰუდა ჰაიუტი) შესახებ გადაღებულია Netfix-ის დოკუმენტური სერიალი Tinder Swindler-ი. (ტინდერის თაღლითი), რომელიც 2022 წელს გამოვიდა. ამ სერიალის მიხედვით, ის წლების განმავლობაში ქალებს ონლაინგაცნობის აპლიკაცია Tinder-ის საშუალებით უკავშირდებოდა და თავს აცნობდა ბრილიანტების მაგნატის, ლევ ლევიევის მემკვიდრედ. შემდეგ კი სხვადასხვა თაღლითური სქემის გამოყენებით მათ ფულს სძალავდა.
როგორც მისი ქართველი ადვოკატი ამბობს, არცერთ სხვა საქმეზე, რომლებიც ამ სერიალშია მოთხრობილი, მის კლიენტს ბრალი წაყენებული არ ჰქონია. მარიამ კუბლაშვილის თქმითვე, 35 წლის საიმონი საქართველოში ჩამოვიდა როგორც განვითარებად, თუმცა ბიზნესის საკეთებლად და ინვესტიციებისთვის ხელსაყრელ ქვეყანაში, რათა აქ თავისი კრიპტო ვალუტის ბიზნესი განევითარებინა, თუმცა ციხეში ყოფნის დროს მიხვდა, რომ ეს წარმოდგენა, რეალობასთან საკმაოდ იყო აცდენილი.
ფორუმი




