ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 335 ახალგაზრდას საჩუქრად კომპიუტერები გადაეცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარდგა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ალექსანდრე წულაძე, რომელმაც ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ პედაგოგებსა და მშობლებს მადლობა გადაუხადა.
„მინისტრმა საუბრისას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და მისი განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი ხუბუა.
დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში KIU-ს რექტორმა, გიორგი ხუბუამ საზოგადოებას საბავშვო უნივერსიტეტი წარუდგინა, რომელიც იმერეთის რეგიონის საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მე-9- მე-12 კლასების მოსწავლეებს შაბათ-კვირას ლექციებს შესთავაზებს.
სალექციო კურსებს სხვადასხვა შემეცნებით და სამეცნიერო თემებზე წაიკითხავენ როგორც KIU-ს პროფესორ-მასწავლებლები, ასევე მოწვეული ლექტორები. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს, ფორმალურ განათლებასთან ერთად, უმაღლესი განათლების მიმართულებით აიმაღლონ ცნობიერება, რაც დაეხმარება მოსწავლეებს მომავალი პროფესიის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.
მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი კუპრავა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე.
პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები ყოველწლიურად გადაეცემათ. პროგრამის მთავარ მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. იმერეთის რეგიონში წელს 958 წარჩინებული მოსწავლეა, აქედან ქუთაისში – 335.
ყოველწლიურად კომპიუტერები გადაეცემათ იმ საჯარო სკოლების მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს. გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 4 846 წარჩინებული მოსწავლე იყო, წელს კი – 4 956 მოსწავლეა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.