ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამუშაოების დასრულების შემდეგ საშუალება გვექნება, მივიღოთ ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე – ლევან მოსეშვილი
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმდინარეობა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა აეროპორტების გაერთიანების გენერალურ დირექტორთან, ლევან მოსეშვილთან ერთად დაათვალიერა.
სამუშაოების ერთდროულად 3 ლოკაციაზე ჯამში 70 ჰა ფართობზე მიმდინარეობს. დასრულდა ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები, მიმდინარეობს მიწის საექსკავაციო პროცესი. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობის სამუშაოები 3000 მეტრის ტერიტორიაზეა გაშლილი, სადაც ამ ეტაპზე, ფუნდამენტის მოწყობა და ინერტული მასალების შეტანა მიმდინარეობს.
,,შენდება 3500 მეტრის სიგრძის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. პარალელურ რეჟიმში სამუშაოები მიმდინარეობს სამიმოსვლო ბილიკსა და ბაქანზე. სამუშაოების დასრულების შემდეგ საშუალება გვექნება, რომ მივიღოთ ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. რაც თავისთავად ნიშნავს, რომ მივიღებთ უფრო მეტ მგზავრს, ტვირთს და აეროპორტის გამტარუნარიანობა გაიზრდება,-“ განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა მინისტრის მოადგილე დეტალურად გააცნო პროექტის მიმდინარეობა. პარალელურ რეჟიმში 35000 კვმ-ზე მიმდინარეობს თვითმფრინავების სადგომების მშენებლობის სამუშაოები, რომლის სრული კვადრატულობა 55 000 კვმ-ს შეადგენს, ასევე მიმდინარეობს დაახლოებით, 17 კმ საერთო ფართზე ახალი საინჟინრო-საირიგაციო ნაგებობების მოწყობა.
პროექტს სამშენებლო კომპანია ,,ანაგი” ახორციელებს. რისი დასრულების შემდეგაც, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება F კოდური აღნიშვნის პირველი აეროდრომი საქართველოში, რომელიც დიდი ზომის (F კატეგორიის) საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.
ახალი, 3.5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის პირველი ფაზის ნაწილია, რომელზეც მუშაობა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საავიაციო საკონსულტაციო კომპანია IATA კონსალტინგმა დაასრულა.
ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს
