ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა გრძელდება.
სხდომას ესწრება მზია ამაღლობელიც. სავარაუდოდ, დღევანდელ პროცესზე ადვოკატები დასკვნით სიტყვას იტყვიან.
მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო საჩივრით მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და გათავისუფლებას ითხოვენ. პროკურატურა კი მზია ამაღლობელისათვის ბრალისა და სასჯელის დამძიმებას მოითხოვს.
სასამართლო სხდომაზე იმყოფება საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
„თავისუფლება მზიას“ – ისმოდა შეძახილები სხდომათა დარბაზში.
შეგახსენებთ, 6 აგვისტოს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.




