ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მცირედან საშუალო ზომის აეროპორტების სიაში გადაინაცვლა. 2024 წლის იანვრის მონაცემებით, მგზავრთა ნაკადის ზრდის მაჩვენებლით, ქუთაისის აეროპორტი ევროპის საშუალო ზომის აეროპორტებს შორის რიგით მე-4 ადგილზეა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისში მგზავრთა ნაკადი 2019 წელთან შედარებით 171,8%-ითაა გაზრდილი.
“აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს 2023 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი იმ აეროპორტების გვერდით მოხვდა, რომლებმაც მკვეთრი ზრდა განიცადეს. ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წელს ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 91 %-ით გაიზარდა და ევროპის აეროპორტებს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა, რის შემდეგაც მცირე აეროპორტებიდან საშუალო აეროპორტების კატეგორიაში გადაინაცვლა”, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.
უწყების ცნობით 2018 წელს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ევროპაში 5 მლნ-მდე მგზავრთნაკადის ზრდით ლიდერი იყო, ხოლო 2019 წელს მეორე ადგილზე მოხვდა.