ქუთაისის აეროპორტის განახლებული ინფრასტრუქტურა დიდ გაბარიტიანი საჰაერო ხომალდების შეზღუდვების გარეშე მიღებისა და მომსახურების შესაძლებლობას გააჩენს

საქართველოს მთავრობამ ქუთაისის აეროპორტის გაფართოების მოდელი წარადგინა. ის პროექტის „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის“ ნაწილია. დოკუმენტის მიხედვით, აეროპორტის არეალი გაიზრდება, რაც ქვეყნის საჰაერო სატვირთო გადაზიდვების პოტენციალს გააუმჯობესებს.
„ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან სატვირთო ლოგისტიკური ცენტრის განვითარებას, რისი პოტენციალიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს გააჩნია. განახლებული ინფრასტრუქტურა დიდ გაბარიტიანი საჰაერო ხომალდების შეზღუდვების გარეშე მიღებისა და მომსახურების შესაძლებლობას გააჩენს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, სამომავლო პერსპექტივაში იქნება საქართველოში ერთ-ერთი პირველი აეროპორტი, რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 240 000 000 ლარით დაფინანსდა. ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2026 წელს დასრულდება“, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოპრეზენტაციის აღწერაში.