რამდენიმე თვის წინ ბაზარზე ქართული ტრადიციული სოუსებისა და საწებლების ბრენდი „პოპორელი“ გამოჩნდა. როგორია პროდუქტის მიმართ დაინტერესება და სამომავლო გეგმები „კომერსანტთან“ კომპანია „ქართული აგროპროდუქტის“ მარკეტინგის მენეჯერმა ნინი ბაშარულმა ისაუბრა. მისი თქმით, ბაზარზე ქართული ტრადიციული სოუსებისა და საწებლების გამოჩენას წინ უძღოდა გასტრო ექსპედიცია საქართველოს რეგიონებში.
„ამ ექსპედიციაში მოპოვებული მივიწყებული რეცეპტები დავამუშავეთ და შევქმენით ახალი ბრენდი, რომელსაც დავარქვით „პოპორელი“, რომელიც მეგრული სიტყვაა და ქორფას, აყვავებულს, აფეთქებულს და ადიდებულს ნიშნავს. ამ ეტაპზე 7 სახეობის სოუსსა და საწებელს ვაწარმოებთ, ესენია: წითელი წიწაქა, წოწოლა, ტყემალი, კივი, პომიდორი, შინდი და მწვანე წიწაქა.
საქართველო მართლა საოცარი ქვეყანაა, რამდენი უნიკალური რამ გვაქვს, რაც ვიცით, მაგრამ კიდევ მეტი გვაქვს და არ ვიცით. საქართველოს მისი სრული პოტენციალი ჯერ არ გამოუვლენია, ასეა კულინარიის მშვენება, საწებელ-სოუსების – მიმართულებითაც. დღეს ჩვენ თითზე ჩამოსათვლელ ქართული საწებელი, თუ სოუსი ვიცით და ვხმარობთ, თითქმის ყველაფერს ტყემალს ვეძახით და ჩვენს რაციონში სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს უცხოური პროდუქტი. ჩვენ გვინდა ეს დინამიკა შეჩერდეს და საქართველომ სრული პოტენციალი გამოავლინოს, ბოლომდე გახსნას და გაშალოს ქართული საწებელ-სოუსების შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევქმენით ქართული საწებელ-სანელებლების და სოუსების ბრენდი “პოპორელი” რომელმაც უნდა აღმოაჩინოს, გააცოცხლოს და ადამიანებისთვის ყოველდღიურად ხელმისაწვდომი გახადოს მივიწყებული ქართული რეცეპტებით შექმნილი, განსაკუთრებული ხელწერის მქონე მრავალფეროვანი ქართული საწებელ- სოუსები.“ – აღნიშნა ნინი ბაშარულმა.
ბაშარულის თქმით „პოპორელი“ დავიწყებული ქართული რეცეპტების გაცოცხლებით და ახალი სახეობების გამოგონებით ქმნის განსაკუთრებული გემოვნური ხელწერის მქონე ქართულ სოუსებს და საწებლებს მათთვის, ვისთვისაც საკვების განსაკუთრებული გემო ყოველთვის მნიშვნელოვანია.
„თავის დასამკვიდრებლად, რა თქმა უნდა, დრო არის საჭირო. ჯერ 5-6 თვეა „პოპორელი“ ბაზარზეა. მაგრამ ამ მოკლე დროში ვფიქრობთ, რომ ადამიანების გულების მოგება შევძელით. ადამიანებისგან ყოველდღიურად ძალიან კარგ და სასიამოვნო შეფასებებს ვიღებთ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „პოპორელის“ წარმოების დროს არ ვიყენებთ შაქარს და ხელოვნურ დანამატებს.“- აღნიშნა ნინი ბაშარულმა.
კითხვაზე თუ სად შეხვდება მომხმარებელი ქართული პროდუქტებს ნინი ბაშარული აცხადებს რომ „პოპორელი“ წარმოდგენილია ისეთ ქსელურ მარკეტებში, როგორიცაა „ფრესკო“, „ვანპრაისი“ და „ევროპროდუქტი“.
„ბოლო დროს ქსელურმა მარკეტებმა დაიწყეს საკუთარი ბრენდის ქვეშ საწებლების წარმოება და ქართველ მეწარმეებს ძალიან უჭირთ გაყიდონ თავიანთი პროდუქტი ქსელურ მარკეტებში. მიუხედავად იმისა, რომ მათაც ძალიან მოსწონთ „პოპორელის“ გემოები და ამას აღნიშნავენ კიდეც, მაინც უარს გვეუბნებიან „პოპორელის“ მათ ქსელში შეტანაზე.
ჩვენს ქვეყანაში იმდენად ერთფეროვანია ყველაფერი გემოები, შეფუთვა, რომ ადამიანები სოუსებს, საწებლებს, ყველაფერს ტყემალს ეძახიან. ტყემალიც საწებლის და სოუსის მხოლოდ ერთ-ერთი სახეობაა, ამიტომაც შევქმენით „პოპორელი“, რომ ადამიანებს გავახსენოთ ისეთი რამეები, რაც უბრალოდ დაავიწყდათ ამ ერთფეროვან სექტორში. „პოპორელის“ სოუსებისა და საწებლების ფასი მერყეობს 4-7 ლარის ფარგლებში. ძნელია ახლა ზუსტად გითხრათ რომელ მაღაზიაში, რა სოუსი, რა ღირს.“ – აღნიშნა ნინი ბაშარულმა.
ნინი ბაშარული აღნიშნავს, რომ ბრენდი თითქმის ყველა საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობს, თუმცა პროდუქცია ამ ეტაპზე ექსპორტზე არ გადის. მისი თქმით, სამომავლოდ ეს შესაძლებლობა მალე იქნება და ქართული საწებლების კულტურას სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც გაიცნობენ.
კომპანია ქართული აგროპროდუქტი დასალევ ხილსა და ბოსტნეულს „კეთილი და პატიოსანის“ ბრენდის ქვეშ აწარმოებს და დიდი ნაწილი ექსპორტზეც გააქვს, როგორც ნინი ბაშარული აღნიშნავს, კომპანიის მიზანია, რომ პირველ რიგში პროდუქტები ქართველ მომხმარებელს შესთავაზოს.
„პირველ რიგში, ჩვენი მიზანია ჩვენი პროდუქტები ქართულ ბაზარს შევთავაზოთ, გავახალისოთ და გავამარტივოთ ადამიანების ყოველდღიურობა. რა თქმა უნდა, პარალელურად ვფიქრობთ საერთაშორისო ბაზრებზეც. ამ ეტაპზე დასალევი ხილ-ბოსტნეული „კეთილი და პატიოსანი“ იყიდება აშშ-სა და საფრანგეთში. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელიც გამოთქვამს რეალურ სურვილსა და ინტერესს ჩვენი ბრენდის მიმართ.“ – აღნიშნა ნინი ბაშარულმა.
„კეთილი და პატიოსანი“ და „პოპორელი“ ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი საწარმოს შპს „ქართული აგროპროდუქტის“ ბრენდებია. „კეთილი და პატიოსანი“ რვა სხვადასხვა სახეობის ხილის მიქსს აწარმოებს, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქართული ნედლეულისგან მზადდება. კომპანიის წარმადობა წელიწადში 10 მილიონი ბოთლია. საწარმო შპს „ქართული აგროპროდუქტი“ სოფელ ჩუმლაყში მდებარეობს და ჯამურად, 4 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.