ქსელური მარკეტები მიწოდებული პროდუქციის ანაზღაურებას აგვიანებენ – დისტრიბუტორთა ასოციაცია

დისტრიბუტორების განცხადებით, ქსელური მარკეტები მიწოდებული პროდუქციის ანაზღაურებას აგვიანებენ. მათი ცნობით, მაღაზიები მომარაგებას იღებენ და საფასურის გადახდას აგვიანებენ, რაც მიმწოდებელს აზარალებს.
დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე ამბობს, რომ ანგარიშსწორების ვადებში დარღვევები ქსელური მარკეტების შემთხვევაშიც არის, თუმცა მცირე მაღაზიებისგან განსხვავებით მათი დახურვა და ბაზრიდან გასვლა არ ხდება, რაც დისტრიბუტორებისთვის ხშირად საბრუნავი საშუალებების გარეშე დატოვებას ნიშნავს.
ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ რითეილ სექტორსა და დისტრიბუტორებს შორის ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს, იმისთვის, რომ მსგავსი გამოწვევები სადისტრიბუციო ბიზნესს აღარ ჰქონდეს.
“მაშინ როდესაც ქსელის მხრიდან ხდება თანხის ჩარიცხვის დაგვიანება ეს იწვევს საბრუნავი საშუალებების დეფიციტს ყველა კომპანიისთვის, ადგილობრივი მწარმოებელი იქნება თუ სადისტრიბუციო კომპანია. შესაბამისად, კომპანია იძულებული ხდება შემდგომ რომ ისარგებლოს საბანკო პროდუქტით, აღნიშნული თანხების მოსაძიებლად, რაც დაკავშირებულია პროცენტთან. ეს კი რეალურად აძვირებს პროდუქტის ღირებულებას, რაც საბოლოოდ მომხმარებელს დახლზე ხვდება. თუ ეს ურთიერთობა იქნება კანონით გაწერილი და იქნება კონკრეტული სანქციები შემსყიდველებისათვის ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ყველა მიმწოდებელი კომპანიის მდგომარეობას და მათ შორის იმ ფასს, რომელიც აღმოჩნდება თაროზე,”- ამბობს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე.

ასევე დაგაინტერესებთ