ენერგეტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებითაა მოსალოდნელი.
როგორც ენერგეტიკოსმა დავით მირცხულავამ BMG-ის ელექტროენერგიის მოსალოდნელი გაძვირების შეფასებისას განუცხადა, დარგში დაგეგმილი ინვესტიციები, ქსელის რეაბილიტაცია, ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობა ტარიფების გადახედვას მოითხოვს.
“ენერგეტიკის დარგი ვითარდება, ბევრი რამ კეთდება – რეაბილიტაცია, ახალი ობიექტების მშენებლობა. ბუნებრივია, ამის დასაბუთება მარეგულირებელ კომისიას აქვს და აქედან გამომდინარე, ქვეყანას, დარგს ნამდვილად სჭირდება ამ [ელექტროენერგიის] ტარიფების გაზრდა. ეს ობიექტური რეალობაა, რომ გაგრძელდეს დარგის განვითარება. იმიტომ, რომ ის ახალი ამოცანები, გამოწვევები რაც არის სექტორში, ეს არის ახალი განახლებადი ენერგიის ინტეგრაცია, ასევე ის, რომ შავი ზღვის კაბელის პროექტს მიეცა მწვანე შუქი, ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ტექნოლოგიურად დარგი ძალიან უნდა განვითარდეს.
საიმედოობის, უსაფრთხოების, მდგრადობის გაზრდა ყოველთვის დამატებით დანახარჯებთან არის დაკავშირებული, აქედან გამომდინარე ობიექტურია, რომ ეს ტექნოლოგიური ნახტომი შესაბამის ტარიფში იყოს სისტემაში. [ქსელის] რეაბილიტაცია და ასევე ახალი გენერაციის ობიექტების ინტეგრაცია ნიშნავს, რომ ტარიფი გაიზრდება”, – განაცხადა დავით მირცხულავამ.
როგორც სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებას ორი მთავარი ფაქტორი განაპირობებს – სექტორში საჭირო ინვესტიციები და ბაზარზე არსებული ძვირი ენერგია. მარეგულირებელი კომისია ახლა ითვლის, რამდენი თეთრით მოხდება დენის გაძვირება და საბოლოო გადაწყვეტილებას 29 დეკემბერს გამოაქვეყნებს.
bm.ge




