ქრონიკული მოწამვლა, სიმსივნე – რა საფრთხეების გათვალისწინებით ამოქმედდა რეგულაცია ქიმწმენდებისთვის

ტანსაცმლისა და სხვა ნაწარმის ქიმიური წმენდის საწარმოებისთვის რეგულაციების ამოქმედებამ ამ სფეროში მომუშავე საწარმოების ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ რეგულაციების თანახმად, დაუშვებელია ქიმწმენდის საწარმოების განთავსება საცხოვრებელი, სამედიცინო დაწესებულების, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებში.
შედარებით მსხვილი საწარმო სამედიცინო, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებიდან მინიმუმ 100 მეტრით უნდა იყოს დაშორებული. მინი ქიმწმენდისთვის კი შეზღუდვა 50 მეტრია.
რეგლამენტში გაწერილია მთელი რიგი სტანდარტები როგორც დასაქმებულების უფლებების დაცვის, ისე დაბინძურებისგან გარემოს დაცვის კუთხით.
ქიმიური რეაქტივები და ხსნარები უნდა ინახებოდეს მწარმოებლის ტარაში, რომელიც უნდა იყოს ნიშანდებული და მჭიდროდ თავდახურული.
ქიმწმენდის საწარმოო, დამხმარე და საყოფაცხოვრებო სათავსები უნდა აღიჭურვოს ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემებით. ასევე განსაზღვრულია ხმაურის დასაშვები ნორმები და განათების მოთხოვნები.
ტექნოლოგიური დანადგარები, რომლებიც წარმოადგენს მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროებს, აღჭურვილი უნდა იყოს ადგილობრივი და ავარიული სავენტილაციო გამწოვი მოწყობილობებით, საიდანაც მათზე მიერთებული მილის საშუალებით გაწოვილი მავნე ნივთიერებები მოხვდება ატმოსფერულ ჰაერში. მილის სიმაღლე უნდა აღემატებოდეს იმ შენობების სიმაღლეს, სადაც განთავსებულია ქიმწმენდის საწარმოები.
ქიმწმენდის საწარმოში დასაქმებული პირები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სპეციალური ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. ასეთ საწარმოებში შეზღუდულია ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების დასაქმება.
დასახელებულ მოთხოვნებზე ზედამხედველობა 2024 წლის 1 სექტემბრიდან განხორციელდება.ზედამხედველი ორგანოებია შრომის ინსპექციის სამსახური და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
რეგულაციების ამოქმედების შემდეგ არსებობს რისკი, რომ ბევრი საწარმო ბაზრიდან გაქრეს, – ასე აფასებს ქიმწმენდის კომპანია “ჩაო ჩაოს” წარმომადგენელი ეკატერინე ტყეშელაშვილი საწარმოებისთვის ამოქმედებულ ახალ რეგულაციებს.
როგორც მან “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნა, რეგულაციები ბიზნესზე უარყოფითად აისახება.
„რა თქმა უნდა, ეს რეგულაციები ცუდია ბიზნესისთვის. ასე ერთი ხელის მოსმით როგორ უნდა გადავიდეთ სხვა შენობაში, ვის აქვს ცალკე მდგომი შენობები. აღნიშნული რეგულაციების შესრულება ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. თუ არ დავიხურეთ საერთოდ კარგი იქნება”, – განაცხადა ეკატერინე ტყეშელაშვილმა.
აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, დადგინდა, რომლის თანახმად ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა სახელმწიფოს მოვალეობაა.
არსებობს სამეცნიერო მტკიცებულებები, რომ ქიმწმენდებში გამოყენებული ნივთიერებები შესაძლოა სხვადასხვა დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორი გახდეს. მათ შორისაა სიმსივნის რისკები.
სწორედ ამიტომ, ტექნიკური რეგლამენტი ადგენს დასაშვებ ზღვარს ისეთი მავნე ნივთიერებებისთვის, როგორიცაა ტეტრაქლორ-ეთილენი, რომელიც ღვიძლს უქმნის საფრთხეს; აცეტონი, რომელიც ძლიერი ინტოქსიკაციის მიზეზი შეიძლება გახდეს; იზოპროპილენის სპირტი, რომელსაც ნარკოტიკული მოქმედება ახასიათებს. ჩამონათვალშია ბენზილკარბინოლი, რომელიც ორგანიზმში შეიძლება სასუნთქი ორგანოებიდან ან დაზიანებული კანიდან მოხვდეს და მწვავე, ზოგჯერ კი ქრონიკული მოწამვლა გამოიწვიოს.
წყარო: jandacva.ge

ასევე დაგაინტერესებთ