ქრთამის აღებისთვის ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან, სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოსა და თავდაცვის სამინისტროს გენ.ინსპექციასთან კოორდინაციით, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე 1 პირი – სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი, დააკავეს.
“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, 3 000 ლარის სანაცვლოდ, წვევამდელ პირზე ყალბი მონაცემების შემცველი სამედიცინო დასკვნის გაცემა უზრუნველყო, რის საფუძველზეც ეს უკანასკნელი სამხედრო ვალდებულებისგან გათავისუფლებას შეძლებდა.
გამოძიების ფარგლებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.