„ქოცზე“ უფრო „ქოცი“ ვერავინ ვერ გახდება“, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წევრების მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით.
გიორგი ვაშაძის თქმით, გახარიას პარტიის მოთხოვნა არაჰუმანურია და მსგავსი განცხადებები დაპირისპირებისკენ წაქეზებაა და ხელს არ უწყობს გაერთიანებას, რაც დღეს ქვეყანას ჭირდება.
„ძალიან ვწუხვარ ამ განცხადების გამო, რადგან მისი შინაარსი ჰუმანურობას აბსოლუტურად მოკლებულია. ვწუხვარ, რომ ამაზე პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს რომელიმე პოლიტიკური ძალა. „ქოცზე“ უფრო „ქოცი“ ვერავინ ვერ გახდება, ეს აბსოლუტურად ყველას უნდა ესმოდეს. ჩვენ უნდა ავაშენოთ ქვეყანა, რომელიც არის ევროკავშირის წევრი, სადაც პრეზიდენტები ციხეში კი არ სხედან, დაფასებულები არიან, ყველას უფასდება თავის საქმე და მუდმივად არ გვინდა ქიშპობა და ერთამენთის დაპირისპირება. დაპირისპირება ქვეყანას დაანგრევს. ქვეყანას გააერთიანებს ერთამენეთთან თანამშრომლობა და რეფორმების გატარება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წევრები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანას ითხოვენ.
სააკაშვილის თქმით, გიორგი გახარიას თანაგუნდელები, რომლებიც მის ციხეში გადაყვანას ითხოვენ, „ადამიანურობისგან დაცლილები“ არიან.
როგორც სააკაშვილი ამბობს, მისი სიმპტომების 80% არსად წასულა და ციხეში გადაყვანის და ყურადღების შეზღუდვის პირობებში, მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების დიდი შანსია.
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, კლინიკა „ვივამედში“ 2022 წლის მაისში გადაიყვანეს და მას შემდეგ ამ კლინიკაში იმყოფება.
სახალხო დამცველის მოწვეული სპეციალისტთა ჯგუფის ბოლო შეფასებით, რომელიც 25 ოქტომბერს გამოქვეყნდა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით სახეზეა გარკვეული დადებითი დინამიკა, თუმცა ძირითადი სურათი — კუნთთა ატროფია, ნეიროპათია, კოგნიტიური გაუარესება — კვლავ უცვლელი რჩება. ამიტომ, სპეციალისტთა შეფასებით, ექსპრეზიდენტი მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს.