“ქორწილის საქართველოში გადახდის მსურველი უცხოელების რაოდენობა მზარდია” – Laka wedding

“საქართველოში ქორწილის გადახდის მსურველი უცხოელების რაოდენობა მზარდია”- ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში Laka wedding-ის დამფუძნებელმა ლაკა წერეთელმა ისაუბრა.
მისი თქმით, ქორწილის გადახდის მსურველები აქტიურად ჩამოდიან დან და ამერიკიდანაც.
„საქართველოში ქორწილის გადახდის მსურველი უცხოელების რაოდენობა მზარდია. ადრე თუ ქორწილი ორ ადამიანზე იყო დაგეგმილი, ახლა ისინი სტუმრებით ჩამოდიან და დიდ ქორწილებსაც იხდიან. აქტიურად ჩამოდიან ისრაელიდან, ამერიკიდან”, – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
Laka wedding-ის დამფუძნებელი ჩვენთან საუბრისას ქორწილის ორგანიზების ტენდენციებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ წყვილების ქცევა მნიშვნელოვნადაა შეცვლილი. ადრე თუ ქორწილის ორგანიზებას რომელიმე ახლობელს ანდობდნენ, ახლა ქორწილის ორგანიზების სერვისზე მოთხოვნა გაზრდილია.
„ჩვენი კომპანიის შემთხვევაში ქორწილის ორგანიზების სერვისი $1000-მდე ღირს. ვფიქრობ, ამ თანხის გადახდა ყველანაირად გამართლებულია, ვინაიდან, ძალიან სწორად იგეგმება ბიუჯეტი, ყველა დეტალი, ამასთან, ორგანიზატორ კომპანიებს ბევრი შეღავათები გვაქვს კაბიდან დაწყებული, სასტუმროთი დამთავრებული. ეს ყველაფერი კი ბიუჯეტზეც აისახება”, – ამბობს ქორწილის ორგანიზატორი.
აღსანიშნავია, რომ კომპანიას საზღვარგარეთ ქორწილის ორგანიზების სერვისიც აქვს, თუმცა ლაკა წერეთელი ამბობს, რომ ამ მიმართულებაზე მოთხოვნა ჯერჯერობით დაბალია.
“პარიზში ქორწილის ორგანიზების სერვისიც გვაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე მოთხოვნა დაბალია. თუმცა, ვიცით, რომ ერთ დღეს მასზე მოთხოვნა გაჩნდება. შესაბამისად, ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, რომ ქორწილი ევროპის ქვეყნებში დაგეგმოს.
რაც შეეხება ღირებულებას, საზღვარგარეთ ქორწილის გადახდა, დამოკიდებულია წყვილის მოთხოვნასა და სურვილზე. შესაბამისად, კონკრეტული თანხის თქმა რთულია. ძალიან ინდივიდუალურია”, – აცხადებს Laka wedding-ის დამფუძნებელი.