ქონების სააგენტო ოთხ სახელმწიფო საწარმოს კიდევ ერთხელ ყიდის

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო 4 სახელმწიფო საწარმოს კიდევ ერთხელ ყიდის. ქონების სააგენტომ არსებული საწარმოები აუქციონზე სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება შენი ბიზნესისთვის“ ფარგლებში შარშანაც და წელსაც რამდენჯერმე გამოიტანა, თუმცა არცერთი მათგანი არ გაიყიდა.
სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც მთავრობამ გასაყიდად აუქციონზე გამოიტანა შემდეგია:
· შპს „ზუგდიდის ფარმაცია“ (ს/ნ 219984596) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი — ქონების საწყისი ფასი 153 000 ლარია. უძრავი ქონება ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩა N18-ში, I სართულზე არსებული 228.80 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართს წარმოადგენს. კომპანიის აქტივები, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით – 94 186 ლარი იყო, ხოლო ვალდებულებები და კაპიტალი 94 186 ლარი. აუქციონი 13 სექტემბერს დასრულდება.
· შპს ,,დეზინფექციის, დეზინსექციის დერატიზაციისა და სტერილიზაციის სპეციალიზირებული ეპიდზედამხედველობის ცენტრი“ (ს/ნ: 211327410) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი — ქონების საწყისი ღირებულება 123 000 ლარია. უძრავი ქონება თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N8-ში მდებარეობს, საერთო ფართი კი 132.10 კვ.მ-ია. კომპანიის აქტივები, 2022 წლის 31 დეკემბრის ბალანსის მდგომარეობით – 90 219 ლარი, ხოლო ვალდებულებები და კაპიტალი 90 219 ლარია. აუქციონი 13 სექტემბერს დასრულდება.
· სს ,,ხობის ნავთობპროდუქტის” (ს/კ 244548110) პარტნიორის, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 15 400 ცალი ჩვეულებრივი აქცია (სახელმწიფოს წილი კაპიტალში 50.89%) და ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოჯიხევში არსებული 37655.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის აქტივები 219 351 ლარს შეადგენდა, ხოლო ვალდებულებები – 187 681 ლარს. საანგარიშო პერიოდისთვის სს „ხობის ნავთობპროდუქტის“ კაპიტალი 31 670 ლარი იყო. ქონების საწყისი ღირებულება 249 997 ლარია, აუქციონი კი 13 სექტემბერს დასრულდება.
· შპს „იჯიესში“ საკუთარი 50%-იან წილის საწყისი ღირებულება 2 104 000 ლარს შეადგენს.„იჯიესის“ აქტივები (2023 წლის 23 იანვრის მდგომარეობით) – 472 791 ლარი იყო, ხოლო ვალდებულებები (2023 წლის 23 იანვრის მდგომარეობით) – 0 ლარი. კომპანიის საკუთარი კაპიტალი, 23 იანვრის მდგომარეობით, 472 791 ლარს შეადგენდა.