დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ბოლო ინფორმაციით, 2023 წლის 9 თვის განმავლობაში ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 96 მილიონი ლარი შეადგინა. ბაზრის ყველაზე დიდი წილი “ალდაგს” უჭირავს, რომელსაც “თიბისი“, “უნისონი”, “ჯი-პი-აი” და “ირაო” მოსდევს.
კომპანია ალდაგში, რომელიც ბაზრის ყველაზე მსხვილი მოთამაშეა ამბობენ, რომ ქონების დაზღვევის პორტფელი მზარდია. კომპანიის კორპორაციული გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თამარ ძნელაძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით წლიდან წლამდე მზარდია მომხმარებლის ცნობიერება.
მისი თქმით, ბიზნესს და ფიზიკურ პირებს ხშირად ჰგონიათ, რომ ქონების დაზღვევის პოლისის შეძენა ძვირი ღირს, თუმცა მათი განმარტებით ფასი არც თუ ისე მაღალია. იმ შესაძლო ზარალის სანაცვლოდ რის წინაშეც კომპანია პერსპექტივაში შეიძლება დადგეს.
“თუ შევადარებით 2022 წლის მონაცემებს 2023 წელს, ქონებრივი რისკების ზრდა შეინიშნება ჩვენს პორტფელში და 17%-იანი ზრდა გვიფიქსირდება. ზოგადად ალდაგის წილი ბაზარზე 2023 წლის სამი კვარტალის ოფიციალური მონაცემებით 42%-ს შეადგენს.
ქონების დაზღვევის პოლისი ყოველთვის იყო და არის აქტუალური პროდუქტი. ამის გავრცელება თან და თან ტენდენცია არის ისეთი, რომ უფრო და უფრო ცნობადი ხდება, იძენს მეტ მნიშვნელობას.
ისეთი მასშტაბური შემთხვევები, რომელიც სულ ახლახან მოხდა და ჩვენ მასშტაბური ზარალი ავანაზღაურეთ კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება დაზღვეულმა კომპანიამ და ფიზიკურმა პირმა კარგად გამოიყენოს დაზღვევა როგორც ფინანსური ინსტრუმენტი და ამ მასშტაბის ზარალიც კი არ აღმოჩნდეს ზიანი მომტანი და შეუფერხებლად გაგრძელდეს მისი საქმიანობა,”- ამბობს კომპანია ალდაგის კორპორაციული გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თამარ ძნელაძე.