საგადასახადო ექსპერტ ირაკლი შავიშვილის შეფასებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში „ქონების გადასახადი ერთ-ერთი მოუწესრიგებელი გადასახადია“.
„ის აგებულია არასწორ პრინციპზე ფიზიკურ პირებთან მიმართებით – ქონების გადასახადის ოდენობა არ შეიძლება დამოკიდებული იყოს ფიზიკური პირის შემოსავალზე. ამ გადასახადს ქონების გადასახადი ჰქვია და ქონების სიდიდეზე უნდა იყოს დამოკიდებული. ხშირად აბსურდული სიტუაციები წარმოიშობა – შეიძლება, ადამიანს ვაკეში 5-სართულიანი სახლი ჰქონდეს, მაგრამ არ იბეგრებოდეს ქონების გადასახადით, რადგან მისი და მისი ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარს არ აღემატება, მაგრამ ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება ჰქონდეს მეორე პირს, რომელსაც სადღაც გარეუბანში აქვს 1-ოთახიანი ბინა, თუმცა შემოსავალი – 40 000 ლარზე მეტი“, – ამბობს BMG-სთან საგადასახადო კონსულტანტი.
საქმე ის არის, რომ თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება და ამასთანავე, გყავთ ავტომობილი ან გაქვთ სახლი ან კიდევ სხვა უძრავ-მოძრავი ქონება, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ.
„ზოგადად, ქონების გადასახადის არსია, სახელმწიფოსთვის იმ ქონების დაცვის საფასურის გადახდა, რომელსაც ფიზიკური პირი ფლობს. მაგალითად, რომელიმე დაცვის კომპანია რომ დაიქირაოთ თქვენი ქონების დაცვის მიზნით, სერვისის საფასური დამოკიდებული იქნება ქონების სიდიდეზე და არა თქვენ შემოსავალზე, თუმცა ქონების გადასახადის გაანგარიშებისას სახელმწიფო მოქალაქეს საკუთარი შემოსავლის „ბუღალტერიაში უჯდება“, – აცხადებს ირაკლი შავიშვილი.
ინფორმაციისთვის: 2023 წლიდან, ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქონების გადასახადის რეფორმაზე მუშაობს და როგორც რამდენიმე კვირის წინ, BMG-ის ლაშა ხუციშვილის უწყებაში განუცხადეს, მიმდინარეობს მუშაობა ქონების გადასახადის რეფორმაზე, რომელიც „ესტონურ მოდელის“ მსგავსია.
ფინანსთა სამინისტრო ქონების გადასახადის ესტონურ მოდელზე მუშაობს – რა ეტაპზეა რეფორმა?
„ესტონური მოდელის“ მთავარი არსი ისაა, რომ ესტონეთის მთავრობა მხოლოდ მიწის ღირებულებას ბეგრავს ქონების გადასახადით და არა უშუალოდ ამ მიწაზე არსებული შენობების ან სხვა აქტივების ღირებულებას.
„ესტონეთში, ხელისუფლების შესაბამისი ორგანო ყოველწლიურად ადგენს მიწის ნორმატიულ ფასს, რომელიც შეიძლება იყოს ცვალებადი და ამის შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლება თავად ადგენს კოეფიციენტებს, რომელიც შეიძლება იყოს მიწის ღირებულების 0.1%-დან 2%-მდე“, – ამბობს ირაკლი შავიშვილი, რომელიც საქართველოში „ესტონური მოდელის“ დანერგვას მიესალმება და მიაჩნია, რომ მიწის ღირებულებაზე მისი მიბმა ეკონომიკისთვის უფრო ეფექტიანი იქნება.
საგადასახადო კონსულტანტის თქმითვე, „ესტონურ მოდელში“ საინტერესოა ისიც, რომ მიწის გადასახადს, რომელიც ადგილობრივი გადასახადია, სახელმწიფოც იხდის, რაც მუნიციპალიტეტების ფისკალურ დამოუკიდებლობაში ეხმარებათ.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2024 წელს ქონების გადასახადის სახით იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა ჯამში, დაახლოებით, 698 მილიონი ლარი გადაიხადეს, საიდანაც უშუალოდ მოქალაქეების მიერ ქონებასა და მიწაზე გადახდილი გადასახადი 93 მილიონია.
წყარო: bm.ge
