“ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე დამკვიდრება, ბიზნესისთვის არის შესაძლებლობა, თანხები დავზოგოთ”, – ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და PR-სპეციალისტმა, თორნიკე გურულმა განაცხადა. როგორც მან BMG-სთან აღნიშნა, ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა ტიპის საქმეს მოკლე დროში ასრულებს.
“ბრენდის შექმნის დროს, როდესაც ვიზუალური ტიპის მხარეს ვაკეთებდით, ხელოვნური ინტელექტი გამოვიყენეთ, რაც დაგვეხმარა, მოკლე დროში სხვადასხვა ტიპის ალტერნატივა გვქონოდა”, – აღნიშნა თორნიკე გურულმა.
მისი განცხადებით, საქართველოში AI, შესაძლოა, ნელი ტემპით დამკვიდრდეს და მისი წილი შრომით ბაზარზე 2024 წელს 2%-მდე იყოს. ის არ გამორიცხავს, რომ მომავალ წლებში მაჩვენებელი გაიზარდოს.
“ჩვენს ქვეყანაში, შეიძლება, პროცესები ნელა წავიდეს, რადგან ჩვენი საკომუნიკაციო ენა ქართულია. ქართულენოვანი კონტენტის შექმნა უფრო მეტ ხარჯთანაა დაკავშირებული. უკვე გვხვდება ფაქტები, როდესაც ცალკეულმა კომპანიებმა ქოლცენტრის თანამშრომლები ჩაანაცვლეს, ისევე როგორც თანამშრომლების შერჩევის სპეციალისტები”, – აღნიშნა მან.