ქობულეთში, საშუარმე „გივის შაურმა ნაკვერჩხალზე“-ს ნიმუშებში სტაფილოკოკი და სოკოები აღმოჩნდა

ქობულეთში საშუარმეს -„გივის შაურმა ნაკვერჩხალზე“ ნიმუშებში დარღვევები აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიიდან მიღებული გამოცდის ოქმების თანახმად, საშაურმეში გამოყენებული ნედლეული არ შეესაბამება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანების „ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი სანიტარიული წესები და ნორმები სანწდან 2.3.2.00 -00“ მოთხოვნებს, კერძოდ: ღორის ხორცის შაურმა და მისი ინგრედიენტები დაბინძურებულია იყო აერობული მიკროორგანიზმებით; აღმოჩნდა ასევე კოაგულაზა დადებითი სტაფილოკოკი, ხოლო სალათის ფოთოლში გამოვლინდა ობისა და საფუვრის სოკოები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიზნესოპერატორმა შეაჩერა საწარმოო პროცესი. ი/მ-ს დაევალა რეცხვა-დეზინფექციის ჩატარება და სამზარეულოს მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი, მათ შორის ლაბორატორიული კვლევა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები განახორციელებენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ქალაქ ქობულეთში, საშაურმეში ,,გივის შაურმა ნაკვერჩხალზე“ (მის: აღმაშენებლის N416) არაგეგმური ინსპექტირება 2 კვირის წინ განახორციელეს. სახელმწიფო კონტროლი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან 8 ადამიანის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ