ქმედებები, გადაწყვეტილებები და კანონმდებლობა, რომელიც ხელისუფლებამ ბოლო წლის განმავლობაში მიიღო, საქართველოს ევროკავშირში წევრობასთან დაახლოების ნაცვლად, აშორებს და ამას შედეგები მოჰყვება – ჰერჩინსკი
ქმედებები, გადაწყვეტილებები, კანონმდებლობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო წლის განმავლობაში მიიღო, საქართველოს ევროკავშირში წევრობასთან დაახლოების ნაცვლად, აშორებს საქართველოს ევროკავშირს და ამას შედეგები მოჰყვება,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლების ბოლო ქმედებები ქვეყანას ევროკავშირს აშორებს და საქართველო კიდევ უფრო ნაკლებად არის ჩართული ევროკავშირის წევრი ქვეყნების ღონისძიებებში.
„საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გაიაროს. ეს რეფორმები არ არის განკუთვნილი საქართველოსთვის. ეს რეფორმები უნდა იქნას გამოყენებული ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი. სამწუხაროდ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომენტიდან, ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე პროგრესს, რაიმე შესაძლებლობას, რაიმე სურვილს, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ჩვენი ერთ-ერთი წევრი – პირიქით, და ამას ვამბობდით მთელი ამ ხნის განმავლობაში და ბევრ თქვენგანს ახსოვს ჩემი სიტყვები ბოლო წლის განმავლობაში. ქმედებები, გადაწყვეტილებები, კანონმდებლობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო წლის განმავლობაში მიიღო, საქართველოს ევროკავშირში წევრობასთან დაახლოების ნაცვლად, აშორებს საქართველოს ევროკავშირს და ამას შედეგები მოჰყვება. და როგორც ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ჩემთვის გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ გუშინ გაიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოს მონაწილეობის გარეშე.”-განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ელჩმა, ასევე ისაუბრა საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებზე და აღნიშნა, რომ ისინი აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ. ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ სანქციები დაუწესონ იმ პირებს, რომლებიც ჩართულები არიან ძალის გამოყენებაში.
„ახლა გვაქვს სიტუაცია, როდესაც ბევრი ადამიანი უსამართლოდ არის დაკავებული. და სწორედ ამიტომ ვცდილობთ სანქციების დაწესებას იმ ქართველი თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობის გამოყენებაში. როგორც არაერთხელ მოგახსენეთ, სამწუხაროდ, აქამდე ეს შეუძლებელი იყო ევროკავშირის სანქციების შემთხვევაში, რადგან სანქციების მისაღებად ერთსულოვნებაა საჭირო. ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს რამდენიმე წევრი სახელმწიფო, რომლებსაც არ შეუძლიათ ერთსულოვნებას შეუერთდეს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ევროკავშირის რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ ორმხრივი სანქციების განხორციელება. ეს რიცხვი იზრდება.
რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ როდესაც საქმე ეხება ჩვენს დახმარებას, ევროკავშირის დახმარებას საქართველოსთვის, ჩვენი მხარდაჭერის 95%, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოსთვის, გაიცა საქართველოს მთავრობისთვის პირდაპირი ბიუჯეტის მხარდაჭერისთვის, პარტნიორების მეშვეობით, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობდნენ საქართველოს სამინისტროებთან“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
www.interpressnews.ge
