„ქირის გადასახდელად ვმუშაობ“ – გალელი სტუდენტი თბილისში სწავლის პარალელურად

„სწავლის პარალელურად ვმუშაობ, რომ ქირა გადავიხადო“ – ამბობს 20 წლის სტუდენტი, რომელიც გალიდან თბილისში გადმოვიდა. მისი ყოველდღიურობა სწავლას, სამსახურსა და ახალ ქალაქში თავის დამკვიდრებას შორის ნაწილდება, მაგრამ მაინც ცდილობს განათლების მიღების შანსი არ დაკარგოს.
ანა ეზუგბაია თბილისში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს. გადაწყვეტილება თბილისში ჩამოსვლის შესახებ, როგორც თვითონ ამბობს, ერთდროულად რამდენიმე მიზეზმა განაპირობა:
„თბილისში ჩაბარებას და სწავლის აქ გაგრძელებას ბევრი მიზეზი ჰქონდა. ასე თუ ისე უსაფრთხო გარემო (აფხაზეთთან შედარებით, თუმცა არც აქ ვარ ბოლომდე უსაფრთხოდ – ქუჩაში ძალიან ბევრი ინციდენტი ხდება, ბოლო პერიოდში ძალიან მოხშირდა მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით, დანით. ჩემი თვალითაც შევესწარი ერთ შემთხვევას), მეტი პერსპექტივაა და მშობლიურ ენაზე შემიძლია სწავლა და კომუნიკაცია. აგრეთვე სწავლის ხარისხი უფრო მაღალია და დასაქმების შესაძლებლობაც მეტია.“
მისი თქმით, ჩაბარების პროცესი ადვილი არ ყოფილა.
„ეროვნული გამოცდების პერიოდში საზღვარი იკეტებოდა, მომავალ სტუდენტებს საზღვრის კვეთის უფლება არ გვქონდა და ამ მიზეზით უნივერსიტეტებში ჩავირიცხეთ უგამოცდოდ.“
სწავლის გაგრძელების ალტერნატივა, როგორც ამბობს, მას სხვა ქალაქშიც ჰქონდა, მაგრამ მაინც თბილისში ჩამოსვლა გადაწყვიტა:
„გალში გაიმართა გაცნობითი შეხვედრა, როცა მე-11 კლასში ვიყავი. გაგვაცნეს სოხუმის რამდენიმე “წამყვანი” უნივერსიტეტის პირობები და სხვა დეტალები და დაგვპირდნენ კიდეც, რომ ვინც იქ (აფხაზეთში) გააგრძელებდა სწავლას, აუცილებლად დასაქმდებოდნენ.“
სკოლის პარალელურად ცალკე ემზადებოდა თბილისში გამოცდების ჩასაბარებლად.
თბილისში პირველად 6 წლის ასაკში ჩამოვიდა. უკვე სტუდენტობისას კი დიდ ქალაქს თავისი სირთულეებიც აღმოაჩნდა:
„აქ ბევრი და ასევე სხვა მოლოდინები მქონდა, მაგრამ დიდ ქალაქში ადამიანი მარტივად “იკარგება”. ყოველდღიურობაში მორგება მარტივი არ იყო. გალში აბსოლუტური სიწყნარე და სიმშვიდე, აქ – პირიქით და ეს ჩემთვის კარგიცაა“
გალელი სტუდენტი თბილისში ბინის ქირაში 800 ლარს იხდის.
„ბინის მოძიება სტუდენტებისთვის ადეკვატურ ფასში წარმოუდგენელია. რუსეთ–უკრაინის ომის შემდეგ ბინები ძალიან გაძვირდა”
ანა ფიქრობს, რომ სახელმწიფო უფრო აქტიურად უნდა დაეხმაროს რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებს:
„სახელმწიფო არამარტო გალიდან, არამედ სხვა რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებზეც უნდა ზრუნავდეს. სტუდენტს მუშაობა არ უნდა უწევდეს და დროის არქონის ხარჯზე ღამეების თენება. გასაგებია, რომ შედეგის დასადებად შრომაა საჭირო, მაგრამ როცა შედეგსაც არ ელოდები ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, რთულია არათუ მოტივაციის, არამედ დისციპლინის შენარჩუნებაც.“
მისივე თქმით, ქირის ნაწილს ოჯახი უხდის, ნაწილს თავად:
„სწავლის პარალელურად ვმუშაობ, რაც ჩამოვედი მას მერე. ერთმანეთს ხელს ვუწყობთ თანამშრომლები. სწავლას შეძლებისდაგვარად ვასწრებ, უფრო ღამით, უფრო მეტი დრო რომ მქონდეს, უმჯობესი იქნებოდა.“
გალში დაბრუნებას ანა არ გეგმავს:
„ოჯახი ახლაც გალში ცხოვრობს, იქ მუშაობენ და როცა დრო მაქვს, ჩავდივარ. სამუდამოდ გალში დაბრუნებას არ ვაპირებ, თუ რაიმე უკიდურეს ფაქტორს არ ექნება ადგილი. სად ვხედავ ჩემს მომავალს ზუსტად ვერ ვიტყვი არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ ყოველშემთხვევაში ვიცი, რომ არ მინდა უცხოეთში ვიყო აქ შექმნილი სიდუხჭირის გამო.“
აფხაზეთსა და გალში განათლების ხარისხზე საუბრისას იხსენებს, რომ მანამ, სანამ სწავლება ქართულად იყო, უკეთესი მდგომარეობა იყო:
„მანამ, სანამ ქართულად იყო სწავლება, ძალიან კარგი იყო. უნივერსიტეტებიც ასევე. ბევრისგან გამიგია, რომ სოხუმში ძალიან კარგი უნივერსიტეტი იყო და ასევე ისიც გამიგია, რომ ბევრ ქართველ ლექტორს უნივერსიტეტი იქ აქვს დამთავრებული. დღეს რა მდგომარეობაა ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ კარგი რომ იყოს, სტუდენტების ეს რაოდენობა არ იქნებოდა თბილისსა და სხვა ქალაქებში.“
ყოველ წელს აბიტურიენტთა რაოდენობა, რომელიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე უმაღლეს სასწავლებში ირიცხება, სხვადასხვაა – ეს რიცხვი 200-300 ფარგლებში მერყეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლარს ლოკე რასმუსენი – რუსეთი თვლის, რომ დაუსჯელად მოქმედება შეუძლია, ჩვენ ეს ტაქტიკა უკვე ვნახეთ საქართველოში შეჭრამდე, ყირიმის ანექსიამდე, დონბასში და უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, საქართველოში შემოტანის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა