ქიმწმენდების ნაწილი დაიხურება, მომსახურება გაძვირდება – სექტორის მოლოდინები

ქიმწმენდის საწარმოებისთვის ახალი რეგლამენტი ამოქმედდა, რომელიც არაერთ მოთხოვნას ითვალისწინებს, მათ შორის ქიმწმენდების საცხოვრებელ შენობაში განთავსება იკრძალება.
სექტორის წარმომადგენლები BMG-სთან ამბობენ, რომ საკითხზე მათთან წინასწარი კონსულტაცია არ ყოფილა და რეგლამენტის სამუშაო პროექტი ბიზნესომბუდსმენისგან მიიღეს.
„პრესტოს“ ექსპრეს ქიმწმენდების ქსელის დირექტორის, ხათუნა გაბუნიას თქმით, დადგენილების ამოქმედების შესახებ მედიიდან შეიტყო. როგორც ის განმარტავს, რეგლამენტს სექტორზე ნეგატიური გავლენა ექნება, ვინაიდან ქიმწმენდები ძირითადად სწორედ საცხოვრებელ შენობებში ან მათ სიახლოვესაა განთავსებული.
„ქალაქის მასშტაბით ყველა ქიმწმენდა საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედაა. მეშვიდე წელია ბაზარზე ვართ, თავიდან რამდენიმე კომპანია იყო, თუმცა ახლა სფერო საკმაოდ გაიზარდა, კონკურენცია მაღალია, ამიტომ ცუდ შედეგებს გამოიწვევს. სავარაუდოდ, ქიმწმენდების ნაწილი დაიხურება“,- ამბობს „პრესტოს“ დირექტორი და აღნიშნავს, რომ ბევრი ბუნდოვანი საკითხია, რაზეც პასუხები ვერ მიიღო. მათ შორის, გაუგებარია, ვრცელდება თუ არა რეგულაციები სამრეცხაოებზე.
„ჩვენს შემთხვევაში, გვაქვს საწარმო და რამდენიმე მიმღები პუნქტი, თუ გადასვლა მოგვიწია, საწარმოს სხვაგან გადავიტანთ, მაგრამ ბევრი ქიმწმენდის შემთხვევაში საწარმო და მიმღები პუნქტი ერთადაა.
განმარტებები საკმაოდ ზოგადია. ბუნდოვანია, სამრეცხაოსაც ეხება თუ არა. მაგალითად, ჩვენ ქიმიური წმენდის დანადგარს აღარ ვიყენებთ, ძირითადად ყველაფერი ირეცხება თანამედროვე მეთოდით. ისიც ვერ გავიგეთ დაზუსტებით, ვითვლებით თუ არა ქიმწმენდის საწარმოდ. ჩვენ ყველა რეგულაციას ვაკმაყოფილებთ გარდა იმისა, რომ საცხოვრებელ ზონაში ვიმყოფებით“,- ამბობს ხათუნა გაბუნია.
სექტორის წარმომადგენლები BMG-სთან საუბრისას იმაზეც მიუთითებენ, რომ რეგულაციებმა ქიმწმენდების დახურვის პარალელურად, შესაძლოა სერვისი გააძვიროს.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ ქიმწმენდის ობიექტების მოწყობის, ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა, რომელიც ყველა ტიპის ქიმწმენდაზე ვრცელდება. მოთხოვნებზე ზედამხედველობას შრომის ინსპექციის სამსახური 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან დაიწყებს.