PFAS – ასე უწოდებენ ქიმიკატების, პოლიფტორალკილური ნივთიერებების ჯგუფს, რომელიც, 10 000-ზე მეტ ქიმიკატს მოიცავს. ისინი ათწლეულებია გამოიყენება ყველაფერში, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში – წყალგაუმტარი ტანსაცმლით დაწყებული, სამზარეულოს ჭურჭლით, ელექტრონიკითა და სამედიცინო აღჭურვილობით დამთავრებული.
· ეს ნივთიერებები მუდმივი დამაბინძურებლებია, რაც იმას ნიშნავს რომ ადვილად არ იშლება და გარემოში გროვდება.
აღნიშნული ქიმიკატები არის ჩვენს სახლებში, წყალში, საკვებში. მეცნიერები ამბობენ, რომ მათი მცირე რაოდენობაც კი სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადება, მათ შორის კიბო, ასევე ორგანიზმში ამ ქიმიკატების მაღალი კონცენტრაცია შესაძლოა გახდეს უნაყოფობის მიზეზი.
ეს საკითხი კვლევის საგანი მხოლოდ ბოლო წლებში გახდა.
· როგორც BBC წერს, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სპეციალისტის, საბინ დონაის თქმით, თუ სისხლში PFAS-ის დონე 2 ნანოგრამზე მეტია, ეს ჯანმრთელობის რისკად ითვლება და დასძენს, რომ ჯერ არ ჰქონია შემთხვევა, როდესაც გამოიკვლიეს ადამიანის სისხლი და მას PFAS-ის მინიმალურ დონეზე ნაკლები ექნებოდა.
ქიმიის საზოგადოების წარმომადგენელი, სტეფან მეცგერი განმარტავს, რომ PFAS ქიმიკატები არ იშლება.
“როგორც კი ჩვენს ორგანიზმში მოხვდებიან, ისინი რჩებიან და თანდათან გროვდებიან, PFAS ქიმიკატები იწვევს ღვიძლის, ან თირკმლის კიბოს და ზოგჯერ გავლენას ახდენს ნაყოფიერებაზე. PFAS-ის ჯგუფის ზოგიერთი ქიმიკატი დაკავშირებულია ფარისებრი ჯირკვლის პრობლემასთან“, – ამბობს მეცგერი.
ექიმი დონაი ამბობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ამ ქიმიკატების დონე სისხლში ნულამდე დაიყვანოთ, მაგრამ სისხლში მისი დონის შემცირებას შეძლებთ, თუ მომდევნო ორი ან სამი წლის განმავლობაში სწორად იმოქმედებთ.
· რას ნიშნავს “სწორად მოქმედება” და რა შეიძლება იყოს პრევენციული მეთოდი?
ექიმების რეკომენდაციაა შვრიის, ქერის, ლობიოს, თხილის უფრო მეტი რაოდენობით მიღება. ისინი ამბობენ, რომ ბოჭკოვანი საკვები ამცირებს სისხლში ქიმიკატების დონეს.
BBC აქვეყნებს ერთ-ერთი ისეთი პაციენტის ნაამბობს, რომელსაც სისხლში ქიმიკატების მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩნდა. ქალის თქმით, ექიმმა ურჩია, რომ გამოევლინა სახლში PFAS-ის ყველაზე დიდი წყაროები და ჩაენაცვლებინა – მაგალითად, პლასტმასის და სხვა ჭურჭელი ჩაენაცვლებინა კერამიკული, უჟანგავი ფოლადის ან თუჯის ალტერნატივებით
“მირჩია, რომ გამომეყენებინა წყლის ფილტრი და გადავსულიყავი ეკოლოგიურად სუფთა სარეცხ და საწმენდ საშუალებებზე, რომლებზეც იქნებოდა მითითებული, რომ მათი პროდუქტი არ შეიცავს PFAS-ს.
მოძებნეთ PFAS-ის გარეშე მაკიაჟისა და თმის პროდუქტები და მოერიდეთ ინგრედიენტებს, რომელთა ანოტაციაშიც არის მითითებული რომ შეიცავს “ფტორს”, ან “PTFE-ს“, – ამბობს ქალი.
· კიდევ ერთი ექიმი BBC-სთან ამბობს, რომ “როდესაც ონკანის წყალს ვსვამთ, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, PFAS-ის ზემოქმედების სხვადასხვა დონეს ვხვდებით.“ მისი თქმით, ზემოქმედების შემცირებაში მხოლოდ წყლის ფილტრიც კი დაგეხმარებათ – იქნება ეს ფილტრიანი დოქი, თუ ნიჟარაში დამონტაჟებული ფილტრი.
ის გვირჩევს, რომ გადავაგდოთ ნებისმიერი ტაფა, რომელზე ნაკაწრებია და რომ უჟანგავი ფოლადის ან კერამიკული ტაფები “გაცილებით უფრო უსაფრთხოა“.
“აუცილებლად ყოველ დღე გაანიავეთ სახლი, მტვერსასრუტით დაამუშავეთ ოთახები, რადგან ეს ქიმიკატები მტვრის სახით გროვდება”, – ამბობს ექიმი.
· კვლევის თანახმად, წყალგაუმტარი სამოსიც ამ ქიმიკატებს შეიცავს. მწარმოებლებს კი აქვთ ვალდებულება, რომ პროდუქტზე მიუთითონ, შეიცავს თუ არა ქიმიკატებს, თუმცა ზოგიერთი მწარმოებელი არაკეთილსინდისიერად იქცევა და ეს ინფორმაცია ხშირად არ არის დატანილი.
BBC-ის ცნობით, აღმოჩნდა, რომ PFAS-ისგან თავისუფალი არც ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტებია. მაგალითად ბრიტანეთში PFAS-ის ქიმიკატები აღმოჩნდა ბავშვების სამოსში, უფრო მეტად კი ქურთუკებში.
Mountain Warehouse-ში BBC-ს განუცხადეს, რომ ქურთუკი, რომელიც შეისწავლეს, სამი წლის წინ იყო დამზადებული.
ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს მონაცემებით, როდესაც საკვებ პროდუქტებს შეეხება საქმე, ამ ქიმიკატების ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის თევზიდან, ხორციდან, კვერცხიდან, ხილიდან და ხილით დამზადებული პროდუქტებიდან.
“განსაკუთრებით დიდია ხოლმე PFAS-ის ქიმიკატების კონცენტრაცია მარწყვში, რადგან მას შეიცავს პესტიციდები, რომლებსაც იყენებენ მარწყვის მოსავლელად”, – განმარტავს მანჩესტერის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ მეგსონი.
მისივე თქმით, ქიმიკატების ყველაზე დიდ რაოდენობას შეიძლება შეიცავდეს ღვინო, რადგან ყურძენში პესტიციდების გამო დიდია ქიმიკატების კონცენტრაციას.
· როგორც BBC წერს, PFAS ქიმიკატები იმდენად არის ინტეგრირებული თანამედროვე ცხოვრებაში, რომ ვერც ერთი ჩვენგანი ვერ შეძლებს მისგან სრულად გაქცევას – ამ ქიმიკატებმა ჩვენი ცხოვრება გახადა მოსახერხებელი, ხოლო პროდუქტები გამძლე – მაგრამ რამხელა ზიანს აყენებს ჯანმრთელობას და რეალურად, რა საფრთხეებს შეიცავს, მხოლოდ ახლა იწყება მათი გამოვლენა.
ევროკომისია კონსულტაციებს აწარმოებს PFAS ქიმიკატების სრული აკრძალვის შესახებ. დიდი ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ ის ცდილობს ზოგიერთი ქიმიკატის აკრძალვას ან შეზღუდვას, მაგრამ სანამ მათი უსაფრთხო ალტერნატივები არ გამოჩნდება ბაზარზე, ეს შეუძლებელია.
წყარო: www.ambebi.ge



