ქვრივიშვილ-ომიაძეს ვთავაზობ, ტურისტულ ობიექტებზე ერთად დავთვალოთ რამდენი ტურისტია – ცოტნე ჯაფარიძე

„მარიამ ქვრივიშვილს და მაია ომიაძესაც ვთავაზობ, წავიდეთ ნებისმიერ ტურისტულ ობიექტზე და დავთვალოთ რამდენი ტურისტი მოვა დღის განმავლობაში“ – ეკონომიკის მინისტრს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს საქართველოს ყველაზე ტურისტულ ადგილებში მოგზაურობას და უცხოელი ვიზიტორების დათვლას ტურისტული კომპანია “ტრეფიკ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე სთვაზობს. ცოტე ჯაფარიძე ტურიზმის ინდუსტრიის იმ წარმომადგენლებს შორისაა, რომელიც მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი ჯამურად გაზრდილია, მაგრამ არა იმდენად, რომ ტურიზმის ბიზნესში კარგი მდგომარეობა იყოს.
– ვინც ამბობს, რომ ტურიზმი იზრდება და ოფიციალური რიცხვებით მანიპულირებს, წავიყვან ნებისმიერ ტურისტულ ობიექტზე – ეს იქნება მცხეთა, ჯვარი, სიღნაღი თუ ქუთაისი, სადაც ყოველთვის შეინიშნება ბევრი ტურისტი და დავდგეთ და დავთვალოთ, რამდენი ტურისტი მოვა დღის განმავლობაში.
– ეკონომიკის ახალ მინისტრ მარიამ ქვრივშვილსაც ეპატიჟებით?
– მარიამ ქვრივიშვილს და მაია ომიაძესაც და სახელმწიფო უწყების ნებისმიერ სხვა წარმომადგენელს… ან კეთილი ინებონ, მობრძანდნენ კრიტიკულ და ნეიტრალურ ტელევზიებში და ვიმსჯელოთ…
„წერტილთან“ ინტერვიუში “ტრეფიკ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა საკუთარი ტურისტული კომპანიის მაგალითზე საერთაშორისო ვიზიტორების გეოგრაფიაზეც ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ „წლევანდელი წელი წინა წელზე უარესი იყო“.
„2025 წელი კარგად დაიწყო “ტრეფიკ თრეველ ჯორჯიასთვის“ – დუბაიდან მყავს სტაბილური პარტნიორი, რომელსაც იქ მცხოვრები ბრიტანელები და ევროპელები ჩამოჰყავს სასრიალოდ. ამდენად, ზამთრის სეზონის ხარჯზე წლის პირველი კვარტალი გადავიტანეთ და აქტიური ტურისტული სეზონი მინუსით არ დაგვიწყია, მაგრამ როცა მარტის ბოლოს მთის კურორტებზე ტურისტული სეზონი მორჩა, აპრილ-მაისში ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავით. ივნისი ცოტა გააქტიურდა და ივლისშიც უფრო მოიმატა ტურისტების რიცხვმა, თუმცა ჯამში, წლევანდელი წელი წინა წელზე უარესია“, – განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.
დასავლეთ ევროპა, , იაპონია, ავსტრალია, სპარსეთის ყურის ქვეყნები – ესაა ძირითადი ბაზრები, საიდანაც “ტრეფიკ თრეველ ჯორჯია“ ტურისტებს იზიდავს საქართველოში, მაგრამ როგორც ცოტნე ჯაფარიძე ამბობს, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკურად არასტაბილური სიტუაციის გამო, ევროპელი და ამერიკელი ვიზიტორების ნაკლებობა შეიმჩნევა.
„ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, 50%-ზე მეტი იყო ამერიკელი ტურისტები, მეორე ადგილზეა – ევროპელები და შემდეგ მოდის – ავსტრალია, იაპონია, სამხრეთ და აზიის ქვეყნები. ამერიკიდან და ევროპიდან სტუმრების რიცხვი საგრძნობლად შემცირებულია, რაც ძალიან ცუდია არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ – ქვეყნისთვის…
განსაკუთრებით ამერიკელ და ევროპელ ტურისტებს ურჩევნიათ, საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ და იმოგზაურონ იქ, სადაც უფრო დაცულად გრძნობენ თავს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ეს ხალხი მაღალი პასუხისმგებლობით უყურებს თითოეულ დოლარს და ევროს, რომელსაც ხარჯავს იმ ქვეყანაში, სადაც ჩადის. მათ მიერ დახარჯული თანხიდან, რაღაც ნაწილი, რა თქმა უნდა, ბიუჯეტში შედის გადასახადების სახით, ამიტომ აშშ-დან და ევროპიდან ჩამოსული ტურისტები აქცევენ ყურადღებას იმას, რომ როცა ჩადიხარ ავტორიტარულ სახელმწიფოში, შენი გადახდილი გადასახადებით კვებავ ავტორიტარულ რეჟიმს… მათ არ უნდათ, რომ თავიანთი დახარჯული თანხიდან, რაღაც ნაწილი რეჟიმის გაძლიერებას მოხმარდეს. არაერთხელ თქმულა ჩვენი სტუმრების და ჩვენი კოლეგების სტუმრების მხრიდან – „ჩვენ რომ გვინდოდეს რუსეთში მოგზაურობა, იქ წავიდოდით და არა – საქართველოში“, – განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.
ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, რომელიც კვარტალში ერთხელ ქვეყნდება, მიმდინარე წლის 6 თვეში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები წლიურად 4.6%-ით 2 810 524-მდე გაიზარდა. აქედან უშუალოდ ტურისტული ვიზიტები 2 270 363 იყო, რაც წლიურად 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. სტატისტიკის ანალიზი აჩვენებს, ევროკავშირის ვერცერთი ქვეყანა ვერ მოხვდა იმ ქვეყნების ათეულში, საიდანაც იაანვარ-ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტორი გვეწვია. 15-ეულში კი მხოლოდ გერმანია და პოლონეთი შედიან, შესაბამისად, 22% და 4%-იანი ზრდით.