ქვეყნის საინვესტიციო გარემო და გამოწვევები – ბიზნეს კონსულტანტ ლევან კობერიძის ანალიზი

ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი იკლებს. არსებული მონაცემები და ინვესტიციების მოცულობა თითქმის იმ ნიშნულზეა, რომელიც ქვეყანაში 2008 წელს დაფიქსირდა. ქვეყანაში შექმნილი საინვესტიციო გარემო, გამოწვევები და პრობლემის მოგვარების გზები ერთ-ერთი საკითხი იყო, რაზეც ბიზნეს კონსულტანტმა ლევან კობერიძემ ,,კომერსანტის” შემაჯამებელ ეთერში ისაუბრა.
,,პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2008 წელს იყო მხოლოდ ამაზე ნაკლები. არის თითქმის იგივე ნიშნულზე. 2008-ს რატომ ვახსენებთ? მის დროს რაც ხდებოდა ფაქტობრივად იგივე ნიშნულზე ვართ. ეს არის შემაშფოთებელი კი არა, ვიტყოდი უკვე ძალიან კრიტიკული. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ამას დაერთო ზემოდან ძალიან დიდი პრობლემა. ეს არის ე.წ. ომის ტურიზმი. მე თავის დროზე ასეთი ტერმინი დავარქვი. ანუ შემოდინება იმ ნაკადის, რომელიც გამოექცა რუსეთ-უკრაინის ომს. ეს იქნებოდა რუსების თუ უკრაინელების მხრიდან. შესაბამისად, ამ ადამიანებმა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილების სახით და შემოტანების სახით ძალიან დიდი როლი ითამაშა ეკონომიკის გაძლიერებაში საქართველოში. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს არის დროებითი ეფექტი და ამით ზედმეტად არ უნდა მოიწონოს თავი არც ხელისუფლებამ, რომ ეკონომიკა იზრდება და არც მთლიანად ბიზნეს სექტორს არ უნდა ჰქონდეს გადაჭარბებული მოლოდინი იმის, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდებოდა დიდხანს. ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია და ტრამპის დაპირებები წინასაარჩევნო არის მიმართული ომის დასრულებისკენ. ის ომის დასრულებისკენ მესიჯებს აჟღერებს. მით უმეტეს თუ ასე მოხდა, ვინც დარჩენილია ისიც კი დატოვებს სავარაუდოდ ქვეყანას და ეს ეფექტი იქნება მყისიერი დარტყმა ქვეყნისათვის.”- განაცხადა ლევან კობერიძემ.
ბიზნეს კონსულტანტის შეფასებით ე.წ. ომის ტურიზმმა დიდი გავლენა იქონია საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე. ომის გამო ქვეყანაში შემოსულმა ადამიანებმა უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და შესაბამისად ფასი გაზარდა, თუმცა ეს დროებითი ეფექტი იყო. ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ დღეს ქვეყანაში არსებული ფასები ქართულ ბაზარს არ შეესაბამება, სწორედ ამიტომ სამშენებლო კომპანიებსა და დეველოპერებს ფასის დაწევა მოუწევთ, რადგან მოთხოვნა არსებული ფასების პირობებში დაიწევს. ბიზნეს კონსულტანტმა იმ მექანიზმებზეც გაამახვილა ყურადღება, რამაც უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირება უნდა უზრუნველყოს.
,,პლუს შიდა პოლიტიკური თემები და ეს ფაქტორი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა, მათ შორის უძრავი ქონების ძალიან გაძვირებაში. უძრავი ქონების ბაზარზე ჩემი პროგნოზი იყო ასეთი, რომ 2024 წელს კლება იქნებოდა. გაზაფხულიდან ვვარაუდობდი ამ კლებას და ოდნავ დროში გადაინაცვლა, მაგრამ მაინც რეალურად იხტიბარს კი არ იტეხენ სამშენებლო, დეველოპერული კომპანიები, მაგრამ რეალურად ასეა. იჯარის ფასებმა დაიკლო, შესაბამისად მოთხოვნაც დაკლებულია და მათ უნდა არ უნდათ მოუწევთ ფასების დაკლება. ეს სექტორი საბანკო სექტორზე არის გადაბმული. მე აქ ძალიან დიდ საშიშროებას ვხედავ. ფასები, რომელიც არის საქართველოში არაადეკვატური, ეს არ არის საქართველოს საბაზრო ფასი, ეს უფრო არის გარე მომხმარებლისთვის ფასი. 30-40%-ზე მეტი არის არა საქართველოს მოქალაქე, ვისაც უნდოდა ცხოვრების უფლების მიღება საქართველოში და მათ მიერ იყო განხორციელებული დიდი ტრანზაქციები. მთლიანობაში რომ ვთქვათ ველოდები იმას, რომ მოთხოვნის კლება იქნება. აქ ინსტრუმენტები იქნება მოსაძებნი, რათა მოთხოვნის სტიმულირება მოხდეს. ერთ-ერთი მექანიზმი იყო ხოლმე საბანკო სესხების გაადვილება და აქ ახლა უკუპროცესი შეინიშნება. ამიტომ ეს მექანიზმი უნდა გამოვრიცხოთ და მე არ ვიცი მოთხოვნის სტიმულირებას კიდევ რით მოახერხებს რეალურად ხელისუფლება რა ზომებს მიმართავს. თუ საბიუჯეტო თანხებს გამოიყენებს, ბიზნესში ინვესტირებას არ დავარქმევდი, უფრო დავარქმევდი მხარდაჭერისთვის, ამას კიდევ სხვა გარკვეული პრობლემები შეიძლება მოჰყვეს. ამიტომ, საკმაოდ რთულ სიტუაციაში ვართ.”- განაცხადა ,,კომერსანტის” შემაჯამებელ ეთერში ლევან კობერიძემ.
საუბარი, ასევე შეეხო არსებული ვითარებიდან გამოსავლის მოძიებას. ლევან კობერიძე განმარტავს, რომ ქვეყანაში პრობლემები პოლიტიკურმა დღის წესრიგმა შექმნა და გამოსავალიც სწორედ პოლიტიკურია. მისი შეფასებით, საჭიროა პოლიტიკური თანხმობა და ამ გზით მთავრობის დაკომპლექტება. გამოსავალი არის ასევე, რიგგარეშე .
,,რამაც შექმნა ეს პრობლემა, ეს არის პოლიტიკური თემა, პოლიტიკური დღის წესრიგი. სწორედ ამ თემაში უნდა მოხდეს განმუხტვა და პოლიტიკური დღის წესრიგი ძალიან სწრაფად (ოღონდ არაუგვიანეს გაზაფხულისა) კვანძის გახსნამდე უნდა მივიდეს. ამის გახსნა შეიძლება იყოს, ჩემი მოსაზრებით ერთი, პოლიტიკური გარკვეული თანხმობა მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. ან მეორე ვარიანტია რიგგარეშე არჩევნები. პოლიტიკური ქმედება უნდა მოჰყვეს ამ ყველაფერს. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა რაიმე მნიშვნელოვან წყაროს, არ ვიცი ახლა რამდენიმე მილიარდერი თუ მოგროვდება საქართველოში ივანიშვილის გარდა და გადაწყვეტენ, რომ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა პირდაპირი ინვესტიციებით განახორციელონ. რაღაც ამის პირი არ უჩანს. თორემ ესეც შეიძლება ერთი გზა ყოფილიყო.”- განაცხადა ლევან კობერიძემ.