ქვეყნის მასშტაბით 885 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაციაა დაგეგმილი – მინისტრი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, შიდა ქართლში ამჟამად მიმდინარეობს 28 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია. მისივე თქმით, 2024-2025 წლებში შიდა ქართლის რეგიონში დასრულდება 24 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის რეაბილიტაცია. მათ შორისაა, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაბა სურამში.
“მთელი ქვეყნის მასშტაბით, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 885 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაციაა დაგეგმილი. რა თქმა უნდა, არის გამოწვევები, თუმცა ინტენსიურად ვმუშაობთ ყველა ჩართულ მხარესთან ერთად, რათა ეტაპობრივად, წელს და მომავალ წელს დავასრულოთ ამ ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია,“- აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრმა შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა, რომელიც სამინისტროს ინფორმაციით, დასკვნით ეტაპზეა.
„უკვე დასრულებულია საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, საინჟინრო სისტემების მონტაჟი და მოპირკეთების სამუშაოები.
საბავშვო ბაღის ახალ შენობაში ეწყობა საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყობა სათამაშო მოედნები“, – იტყობინება ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
ოკამის ბაღის მშენებლობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის 1.8 მილიონი ლარის დაფინანსებით ახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ