ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება და ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
ცესკო-ს თანახმად, ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანია გახსნილი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. ასევე, 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში გაიხსნა.
ცესკო-ს მიხედვით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818 ამომრჩეველს შეადგენს – ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს.
მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტში ახალ საკრებულოებსა და თვითმმართველი ქალაქისა და თემის მერებს ირჩევს.
თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს.
· მამული, ენა, სარწმუნოება – N1
· კონსერვატორები საქართველოსთვის – N3
· ჩვენი გაერთიანებული საქართველო – N5
· თავისუფალი საქართველო – N7
· საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – N8
· ძლიერი საქართველო – ლელო – N9
· საქართველო – N11
· მწვანეთა პარტია – N12
· სახალხო ხელისუფლება – N14
· გახარია საქართველოსთვის – N25
· გირჩი – N36
· ქართული ოცნება – N41
თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. დემონსტრანტები 16:00 საათიდან დაიწყებენ შეკრებას. რამდენიმე ლოკაციიდან პარლამენტამდე მარშები გაიმართება.
