ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა მთავრობას აქვს – ილია წულაია

ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა მთავრობას აქვს – განაცხადა „ბიზნეს პარტნიორთან“ ინტერვიუში „არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ. ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ქვეყნის დამშვიდებისა და განვითარებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
„განვითარებულ ქვეყანაში, ზოგადად მართვაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აქვს. მე ვისურვებდი და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საბოლოოდ სიტუაცია დამშვიდდეს, დაწყნარდეს და საბოლოოდ ქვეყანა განვითარდეს“, – განაცხადა წულაიამ.
ის მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე საუბრობს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ეკონომიკურ განვითარებას სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება.
„ის 6%-იანი ზრდა, რომელიც ქვეყანას მსოფლიო ბანკმა უწინასწარმეტყველა, ესეც ჰაერიდან მოტანილი არ არის და კონკრეტულ რიცხვებსა და მოლოდინებს ეფუძნება. ვიცით, რომ მსოფლიო ბანკი მსგავს შეფასებებში საკმაოდ კონსერვატიულია, თუ გადავხედავთ ჩაშლილ პროგნოზს წლის დასაწყისში გაცილებით დაბალი იყო და უკვე ბოლოს 9%-მდე გაიზარდა. მე მჯერა მსოფლიო ბანკის კონსერვატიული შეფასების და მჯერა, რომ მეტი ეკონომიკური ზრდა იქნება. რა თქმა უნდა არაფერი იქნება, თუ ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა არ იქნება. ვისურვებდი, რომ ყველა მხარემ, პირველ რიგში კი ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, განვითარება და წინსვლა“, – განაცხადა წულაიამ
ბიზნესმენმაც „არქის“ ახალ პოტენციურ პარტნიორ ინვესტორებზეც ისაუბრა. მათი ვინაობა არ გაამხილა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო პარტნიორებს კითხვები ჰქონდათ, რაზეც კომპანიის დამფუძნებლებიდან არგუმენტირებული და რიცხვებზე დაფუძნებული პასუხი მიიღეს, რაც მათ შორის მსოფლიო ბანკის პროგნოზსაც მოიცავდა. ამგვარად, ილია წულაია უახლოეს პერიოდში ახალ პარტნიორებთან „არქის“ შეთანხმებას აანონსებს.