ქვეყნის ექსპორტის მოცულობა მხოლოდ აიტი სერვისების უცხო ქვეყნებში რეალიზების შედეგად, $900 მილიონამდე გაიზარდა, რაც უპრეცედენტოა – ნადარეიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის მოსმენაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ახალგაზრდების ხელმისაწვდომობასთან, მეცნიერებაში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული საჯარო პოლიტიკის, პროგრამებისა და სხვა ასპექტების განხილვას შეეხო. სხდომაზე დეპუტატების წინაშე პრეზენტაცია გააკეთა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ, რომელმაც დეტალურად მიმოიხილა ქვეყანაში ინოვაციური სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების კუთხით მიმდინარე და განხორციელებული პროგრამები.
„საქართველოს, ფაქტობრივად, ნულიდან მოუწია ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება ქვეყანაში და უკვე დღეს ჩვენ გვაქვს სწრაფად განვითარებადი დინამიური ეკოსისტემა. სტარტაპების მეტი მხარდაჭერისთვის ვახორციელებთ არა მხოლოდ სახელმწიფო საგრანტო პროგრამებს, არამედ ხელს ვუწყობთ მათ კერძო ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და ვეხმარებით საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, თბილისსა და ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში წარმატებით ფუნქციონირებს ტექნოპარკები და ინოვაციური ცენტრები, რომელთა მომსახურებით ამ წლების განმავლობაში 100,000 – ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.
ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, საქართველოში საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების მოსაზიდად განხორციელებული პოლიტიკის შედეგად, ქვეყნის ექსპორტის მოცულობა მხოლოდ აიტი სერვისების უცხო ქვეყნებში რეალიზების შედეგად 900 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რაც უპრეცედენტოა არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის მასშტაბით. მისი თქმით, ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა უნიკალურ პროექტზე – რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრზე ქალაქ ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობაში, სადაც იმუშავებს ხელოვნური ინტელექტის კვლევითი კომპეტენციის ცენტრი; ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი; საერთაშორისო კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი, რომელიც 12-18 წლამდე ახალგაზრდებისთვის იქნება განკუთვნილი და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა პროგრამირება, ანიმაცია, კინო, კომპიუტერული თამაშების შექმნა, გრაფიკული დიზაინი, 3D მოდელირება, რობოტიკა და სხვ. ცენტრი ასევე მოიცავს ტექნოპარკს და სხვა ლაბორატორიებს.
მინისტრის მოადგილის თქმით, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ახალგაზრდების ტექნოლოგიური მიმართულებით გადამზადებასა და სწავლებაზე. „ამ ეტაპზე, 12,000 – ზე მეტი ადამიანი გადავამზადეთ, რაც ბაზარზეც აისახა – მხოლოდ 2024 წელს IT სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 49,000 – მდე გაიზარდა,“ – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.