საქართველოში სამედიცინო ტურიზმის მიზნით ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა მცირდება. 2024 წელს სამედიცინო მიზნით ქვეყანას მხოლოდ 24 600 ადამიანი ესტუმრა, რაც წლიურად 14%-იან კლებას ნიშნავს.
ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გლობალურად სამედიცინო ტურიზმი იზრდება, მაგრამ მოთხოვნას საქართველო სათანადოდ ვერ პასუხობს. კომპანია “ტოპ ტურის” კომერციული დირექტორის ნონა ფოლადაშვილის თქმით, საქართველოში არსებული პოტენციალი გლობალურად ნაკლებად ცნობილია, რასაც მათ შორის მარკეტინგული კამპანიების სიმცირე განაპირობებს.
“სამედიცინო ტურიზმის მიმართულება არის ძალიან პოპულარული და მიმზიდველი. ჩვენს ქვეყანას ამ მხრივ პოტენციალი ნამდვილად გააჩნია, მაგრამ ამისთვის არაფერი კეთდება. არაჩვეულებრივი ბალნეოლოგიური ცენტრები და კურორტები გვაქვს, თითოეული ობიექტი სთავაზობს მხოლოდ კონკრეტულ სერვისს. თუმცა, სწორად არ ხდება არსებული პროდუქტის მარკეტინგულად სწორად შეფუთვა იმ ქვეყნებში, საიდანაც დაინტერესება შესაძლებელია იყოს.
ქვეყნებს, რომლებიც სამედიცინო ტურიზმს ყიდიან, იმ რესურსების 10%-იც კი არ გააჩნიათ, რაც საქართველოს აქვს. ჩვენთან კი, მაგალითად წყალტუბოში, ბორჯომში, საირმეში არ არის საკმარისი სასტუმროები, არ არის ყველა კატეგორიისთვის გათვლილი სასტუმროები. არ არსებობს ის პროცედურები, სადაც უნდა მიიღოს სერვისები. მნიშვნელოვანია, რომ ეს მიმართულება ე.წ მასობრივ ტურიზმში ჩაერთოს და საქართველოს როცა მოიძიებენ, მხოლოდ ღვინო და ხაჭაპური არ იძებნებოდეს”, – ამბობს “ტოპ ტურის” კომერციული დირექტორი ნონა ფოლადაშვილი.
