ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი FDI შემოდის

2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 316 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 504 მილიონი დოლარით, ანუ 61%-ით ნაკლებია. მთლიანად სამი კვარტალის განმავლობაში FDI-მ 1.38 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 399 მილიონი დოლარით, ანუ 22%-ით ნაკლებია.
რაც შეეხება უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს, სამი კვარტალის ჯამით პირველ ადგილს კვლავ ნიდერლანდები იკავებს, საიდანაც 373 მილიონი დოლარი შემოვიდა, მეორე ადგილზე კი გაერთიანებული სამეფოა 188 მილიონი დოლარით. თუმცა საგულისხმოა გარემოება, რომ როგორც ნიდერლანდების, ასევე დიდი ბრიტანეთის ინვესტიციები სინამდვილეში ქართულ ინვესტიციებს წარმოადგენს, რადგანაც არაერთი მსხვილი ქართული კორპორაცია ნიდერლანდებში არის დაფუძნებული, ხოლო უმსხვილესი ქართული ბანკები კი იურიდიულად ბრიტანული კომპანიებია.
ინვესტიციების რეიტინგში მოხვდნენ ოფშორული ზონებიც, როგორიცაა მარშალის კუნძულები ($33 მლნ); ბელიზი ($6 მლნ); კაიმანის კუნძულები ($6 მლნ). ამასთანავე ორი ოფშორული ზონის მიმართ დაფიქსირდა ინვესტიციების “გადინება/შემცირება”, საუბარია ვირჯინიის კუნძულებზე მინუს 10 მილიონი დოლარით და კვიპროსზე – 45 მილიონი დოლარით. თუმცა ინვესტიციების კლება ამ ქვეყნებთან მიმართებით, შესაძლებელია, განპირობებული იყო ან შვილობილი კომპანიის მიერ მშობელი კომპანიისთვის ვალის დაბრუნებით ან კომპანიის მფლობელობის შეცვლით, რადგანაც თუკი უცხოური ინვესტიციით დაფუძნებული კომპანია ქართველ მფლობელზე გადადის, ამ დროს მთლიანი განხორციელებული ინვესტიცია “ჩამოიწერება” და მინუსით აღირიცხება, იმის მიუხედავად რომ თავად კომპანიის ოპერირებაში, შესაძლოა, არაფერი იცვლებოდეს.