თანამედროვე ციფრულ ეპოქაში ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ჰიბრიდული და დისტანციური სამსახურები სულ უფრო პოპულარული ხდება, სწრაფ ინტერნეტზე მოთხოვნაც მუდმივად მზარდია.
თუმცა ინტერნეტის სიჩქარე პლანეტის გარშემო განსხვავდება და მაშინ, როცა ზოგიერთ ქალაქში ჩამოტვირთვის მედიანური სიჩქარე 300 მბ/წმ-ს აღემატება, სხვაგან შესაძლოა 20 მბ/წმ-ს წამს ძლივს აღწევდეს.
ამასთან, განვითარებული ქვეყნების ნაწილი კვლავ დგას კავშირგაბმულობასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ნაკლებად დასახლებულ დაბებსა და სოფლებს ეხება. მაგალითად, თუ შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების ურბანულ ცენტრებში ინტერნეტის მედიანური სიჩქარე მაღალია, სუბ-საჰარული აფრიკისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებში კვლავ არსებობს ქსელთან დაკავშირების პრობლემები. ისეთ ქვეყნებში კი, როგორებიც, მაგალითად, ნორვეგია და ფინეთია, ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიცია ხორციელდება, რაც მაღალი სიჩქარის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას თვალსაჩინოდ ზრდის.
პლატფორმა SpeedTest-ის ინდექსის თანახმად, 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, გლობალურად ჩამოტვირთვის საშუალო სიჩქარე თითქმის 63 მბ/წმ-ია, დაყოვნება კი – 26 მწ.
SpeedTest გლობალურ ინდექსს როგორც მობილური, ასევე ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარის მიხედვით ადგენს, ეს ორი მონაცემი კი ზოგ ქვეყანაში განსხვავდება.
მაგალითად, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია, სადაც მედიანური სიჩქარე 454 მბ/წმ-ია, დაყოვნება კი 19 მწ, ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარით, 304 მბ/წმ-ით და 5 მწ დაყოვნებით კი ქვეყანა მესამე ადგილს იკავებს.
მობილური ინტერნეტის სისწრაფით მეორე ადგილზეა კატარი, სადაც ჩამოტვირთვის მედიანური სიჩქარე 383.5 მბ/წმ-ია, დაყოვნება კი – 19 მწ. რაც შეეხება ფიქსირებულ ინტერნეტს, SpeedTest-ის თანახმად, ამ მხრივ კატარი 26-ე ადგილზეა 185 მბ/წმ-ით.
257 მბ/მწ-ით, მობილური ინტერნეტის სიჩქარით მესამე ადგილზე ქუვეითი ხვდება. აქ დაყოვნება 16 მწ-ია. ფიქსირებული ინტერნეტის სისწრაფით კი ქვეყანა 23-ე ადგილზეა, ჩამოტვირთვის სიჩქარე 193 მბ/წმ-ს აღწევს.
ინტერნეტის სიჩქარითა და საიმედოობით რეიტინგების მოწინავე პოზიციებზე ხშირად ხვდება ბულგარეთიც. 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში მობილური ინტერნეტის მედიანური სიჩქარე 187 მბ/წმ-ია, დაყოვნება კი – 19 მწ. სამაგიეროდ, 86 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარით, ქვეყანა 70-ე ადგილს იკავებს.
კიდევ ერთი ევროპული ქვეყანა, სადაც მობილური ინტერნეტის სიჩქარე ყველაზე მაღალია – დანიაა. 169 მბ/წმ-იანი ჩამოტვირთვის სიჩქარითა და 19 მწ-იანი დაყოვნებით, ქვეყანა მეხუთე ადგილს იკავებს. ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარით კი დანია მერვე პოზიციაზეა, ინტერნეტის მედიანური სიჩქარე ამ შემთხვევაში 240 მბ/წმ-ია.
ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტით, ქვეყნების ათეულში ასევე ხვდებიან სამხრეთ კორეა, ნიდერლანდები, ჩინეთი, ნორვეგია და საქართველო.
SpeedTest-ის თანახმად, საქართველოში ჩამოტვირთვის მედიანური სიჩქარე 140 მბ/წმ-ია, დაყოვნება კი – 18 მწ. სამაგიეროდ, ქვეყანა ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარით 111-ე ადგილზეა 42 მბ/წმ-ით.
ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარის მიხედვით ქვეყნების რეიტინგი განსხვავებულად გამოიყურება.
ამ შემთხვევაში პირველ ადგილზეა სინგაპური 331 მბ/წმ, მეორეზე – ჰონკონგი, მესამეზე კი არაბთა გაერთიანებული საამიროები. შემდეგ მოდის საფრანგეთი, ჩილე, შეერთებული შტატები და ისლანდია. ათეულს კი დანია, ესპანეთი და შვეიცარია ხურავენ.
რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა, მაგალითად, ეთიოპიასა და კამერუნში, სადაც ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე 9 მბ/წმ-ს მცირედით აღემატება. Speedtest-ის თანახმად, ყველაზე ნელი ინტერნეტკავშირი კუბაშია, სადაც ჩამოტვირთვის მედიანური სიჩქარე 2.96 მბ/წმ-ია, მეორე ადგილზეა სირია – 3.38 მბ/წმ-ით, მესამე ადგილზე კი თურქმენეთი, სადაც ფიქსირებული ინტერნეტის მედიანური სიჩქარე 3.51 მბ/წმ-ია.
ინტერნეტის სიჩქარეზე გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს, როგორებიცაა, მაგალითად ქვეყნის ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა და ეკონომიკური პრიორიტეტები. შესაბამისად, თუ ზოგიერთი ქვეყანა კავშირგაბმულობით მოწინავე პოზიციებზეა, სხვები ირჩევენ, რომ უფრო პრიორიტეტული მიმართულებები განავითარონ. მიუხედავად ამისა, სწრაფ და ხარისხიან ინტერნეტზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, რაც გვაფიქრებინებს, რომ სამომავლოდ ეს ციფრული ნაპრალიც ამოივსება.
