ქვეყანაში ცალკეული ძალების მიერ პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მცდელობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ავლენს სიმყარეს, ინსტიტუციურ და მაკროეკონომიკურ მდგრადობას

ქვეყანაში ცალკეული ძალების მიერ პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მცდელობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ავლენს სიმყარეს, ინსტიტუციურ და მაკროეკონომიკურ მდგრადობას
„ბოლო პერიოდში მსოფლიოში მომატებული ვოლატილობისა და ქვეყანაში ცალკეული ძალების მიერ პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მცდელობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ავლენს სიმყარეს, ინსტიტუციურ და მაკროეკონომიკურ მდგრადობას, რაც გამოიხატება მონეტარული განაკვეთის შემცირებაში, ინფლაციის შედარებით დაბალ ტემპსა და ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპში“-ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ყოველივე ეს ქმნის პოზიტიურ კუმულატიურ მუხტს საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეროვნული მეურნეობის დინამიური განვითარებისა და მისი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო, ეკონომიკური ფუნქციის კიდევ უფრო ზრდისა და რეგიონის საკვანძო, მზარდი პოტენციალისა და ბიზნეს-ამბიციების მქონე სახელმწიფოდ ფორმირებისათვის.
ეკონომისტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული პროდუქტი 2024 წლის აპრილში გაიზარდა 11.8 პროცენტით და პანდემიამდელი 2019 წლის აპრილის მაჩვენებელს 34.3 პროცენტით გადააჭარბა. ეს 2.4-ჯერ აღემატება იმავე პერიოდში გლობალური ეკონომიკის მატებას (+14.2%) და ჯერადად უსწრებს -სა (+3.8%) და ევროკავშირის (+5.9%) ანალოგიურ მაჩვენებლებს.
„2024 წლის აპრილში გრძელდებოდა საქართველოს ეკონომიკის დამაჯერებელი ზრდა – საქართველოს ეროვნული პროდუქტი 2024 წლის აპრილში გაიზარდა 11.8 პროცენტით და პანდემიამდელი 2019 წლის აპრილის მაჩვენებელს 34.3 პროცენტით გადააჭარბა. ეს 2.4-ჯერ აღემატება იმავე პერიოდში გლობალური ეკონომიკის მატებას (+14.2%) და ჯერადად უსწრებს აშშ-სა (+3.8%) და ევროკავშირის (+5.9%) ანალოგიურ მაჩვენებლებს.
სამომხმარებლო ფასების დონე ინარჩუნებდა სტაბილურობას. წინა თვესთან იგი უმნიშვნელოდ (0.3%-ით) გაიზარდა, ხოლო წინა წლის აპრილთან შედარებით – 1.3 პროცენტით. შედარებისათვის: იმავე პერიოდში ინფლაციამ აშშ-ში 3.4 პროცენტი, ხოლო ევროკავშირში – 2.4 პროცენტი შეადგინა. ამასთან, 12-თვიანი პერიოდის საშუალო ასეთი დაბალი ინფლაცია (0.6%) 2013 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
უკვე მეშვიდე თვეა (2023 წლის ნოემბრიდან), რაც ფასების ინდექსი სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მცირდება. ამასთან, ბოლო 12 თვიდან ფასები სურსათზე კი არ იზრდებოდა, არამედ მცირდებოდა და 2024 წლის აპრილში წინა წლის აპრილთან მხოლოდ 98.1 პროცენტი შეადგინა.
305 დასახელების საქონელ-წარმომადგენლიდან, საიდანაც იანგარიშება სამომხმარებლო ფასების ინდექსი (ინფლაცია), 2024 წლის აპრილში წინა წლის აპრილთან შედარებით ფასების დონე შემცირდა 121 დასახელების საქონელსა და მომსახურებაზე. – ეს 1.5-ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (ფასები 2023 წლის აპრილში, წინა წლის აპრილთან შედარებით შემცირდა მხოლოდ 79 დასახელების საქონელსა და მომსახურებაზე).
ფასების სტაბილურობა, დაბალი ინფლაცია ხელსაყრელ პირობებს ქმნის მოსახლეობის რეალური შემოსავლებისა და კეთილდღეობის ზრდისთვის. – მხოლოდ 2023 წელს საქართველოში 2.5-პროცენტიანი წლიური ინფლაციის პირობებში საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე, წინა წელთან შედარებით, 18.4 პროცენტით გაიზარდა, ანუ რეალურ განზომილებაში მატებამ, ფასების ზრდის ფაქტორის გამორიცხვით – 15.5 პროცენტი შეადგინა.
ყოველდღიურად ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ აპრილში 223 ერთეული შეადგინა და წინა წლის აპრილის მაჩვენებელს 32 ერთეულით გადააჭარბა. დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა აპრილში, წინა წლის აპრილთან შედარებით 19.1 პროცენტით გაიზარდა და 12.8 მლრდ. ლარი შეადგინა.
რეალურ სექტორთან ერთად ეკონომიკის ზრდაში საგრძნობი წვლილი შეაქვს საგარეო სექტორს, ამასთან, აპრილში ექსპორტში გამოიკვეთა ორი საგულისხმო ტენდენცია: „ტრადიციული“ საექსპორტო პროდუქციის – ნატურალური ღვინოების ექსპორტის ზრდის წინმსწრები ტემპი (წინა წლის აპრილთან შედარებით, შესაბამისად, +94.1%) და მსუბუქი ავტომობილების (რე)ექსპორტის შემცირება 27.5 პროცენტით. თუმცა განსხვავებული ღირებულებითი მასშტაბების გამო ღვინის ექსპორტის მატებამ (+20.9 მლნ. აშშ დოლარი) ავტომობილების რეექსპორტის შემცირება (-50.5 მლნ. აშშ დოლარი) მხოლოდ 41.4 პროცენტით გადაფარა.
ამჟამად მთლიანად, ექსპორტით იმპორტის გადაფარვა შეადგენს 32.1 პროცენტს, რეექსპორტის წილად კი მოდის საქართველოს ექსპორტის 54.8 პროცენტი.
5-5 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებიდან ექსპორტის ხაზით ხუთივე პოსტ-საბჭოთა ქვეყანაა (, ს ფედერაცია, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი), იმპორტის ხაზით – მხოლოდ ერთი (რუსეთის ფედერაცია), მთლიანი სავაჭრო ბრუნვის მიხედვით კი – 2 (რუსეთის ფედერაცია და აზერბაიჯანი). ამასთან, შეინიშნება ასიმეტრია როგორც ექსპორტ-იმპორტის მხრივ, ისე აღნიშნული პოზიციების მხრივ, ერთი მხრივ, ევროკავშირის ქვეყნებისა და მეორე მხრივ – დსთ-ის ქვეყნებს შორის: საქართველოს ექსპორტის მხოლოდ 6.9% მოდის ევროკავშირზე, მაშინ როდესაც დსთ-ის ქვეყნებზე – 10.5-ჯერ მეტი – 72.6%; იმპორტის მოცულობა ევროკავშირიდან დსთ-დან განხორციელებულ იმპორტს თითქმის 1.4-ჯერ უსწრებს (შესაბამისად, 27.1% და 20.0%); მთლიანი სავაჭრო ბრუნვით დსთ-ის ქვეყნები ევროკავშირის მაჩვენებელს 45 პროცენტით უსწრებენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის თითქმის 30 პროცენტი (29.6%) მოდის „დიდ სამეულზე“, რომლებიც არ მიეკუთვნებიან არც ევროკავშირს და არც დსთ-ს (თურქეთი, ჩინეთი, აშშ). გასული წლის აპრილთან შედარებით ამ „დიდი სამეულის“ წილი საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვაში გაიზარდა 1.6 პუნქტით, ხოლო მოცულობა – 94.5 მლნ. აშშ დოლარით (+5.1%).
მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი, მიუხედავად ექსპორტში მისი წილის საგრძნობი შემცირებისა (2023 წლის აპრილის 36.6%-დან 2024 წლის აპრილის 30.4%-მდე), მაინც რჩება საქართველოს ექსპორტის მთავარი სტატიად. ამასთან, მის წილად მოდის საქართველოს რეექსპორტის 56.1 პროცენტი.
აღმავლობის გზაზეა ტურიზმიც. – 2023 წლის პირველ კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოში საზღვარგარეთელი ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 8.6 პროცენტით, ყოველი უცხოელი ვიზიტორი საქართველოში ყოფნისას ამჟამად ყოველდღიურად ხარჯავს თითქმის 130 დოლარს – წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.4 პროცენტით მეტს. მნიშვნელოვნად გაიზარდა გამავალი ტურიზმის მასშტაბებიც, რაც ტურისტული ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად ადასტურებს საქართველოს მოსახლეობის შემოსავლებისა და კეთილდღეობის ზრდას. – ქვეყნიდან გასული ვიზიტორების მატების ტემპმა 2-ჯერ გადააჭარბა შემომავალი ვიზიტორების რაოდენობის მატებას (შესაბამისად, +16.3% და 8.6%), ხოლო მათ მიერ გაწეულმა ხარჯების მატებამ, შესაბამისად, 3-ჯერ (+22.2% და +6.9%). ამასთან, მთლიანობაში, შემომავალი ვიზიტორების რაოდენობა 2.2-ჯერ აჭარბებს ქვეყნიდან გამავალი ვიზიტორების რაოდენობას, ხოლო მათ მიერ გაღებული ხარჯების მოცულობით შესაბამისად – 4.8-ჯერ. დღე-ღამეში უცხოელი ვიზიტორები საქართველოში ხარჯავენ 2.5-ჯერ მეტ სახსრებს, ვიდრე ჩვენი ქვეყნის რეზიდენტები – უცხოეთში.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადმა გზავნილებმა აპრილში 278.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის აპრილის მხოლოდ 75.2 პროცენტია. შემცირება განპირობებულია რუსეთიდან განხორციელებული ტრანზაქციების მნიშვნელოვანი კლებით (აპრილში წინა წლის აპრილთან შედარებით გზავნილები რუსეთიდან შემცირდა 111.0 მლნ. აშშ დოლარით – თითქმის 3.3-ჯერ). ამასთან, დანარჩენი მსოფლიოდან (რუსეთის გარდა) ტრანზაქციები განაგრძობს სტაბილურ ზრდას და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.1- პროცენტიანი მატება დაფიქსირდა. აღნიშნულის გამო რუსეთის წილი განაგრძობს სწრაფ შემცირებას საქართველოში განხორციელებულ ფულად ტრანზაქციებში: 2024 წლის აპრილში ერთი წლის წინანდელთან შედარებით იგი შემცირდა 43.2%-დან 17.6%-მდე, მათ შორის წმინდა ტრანზაქციებში – 45.9%-დან 18.4%-მდე.
2024 წლის აპრილში საქართველოში გაიზარდა ფულადი ტრანზაქციები მსოფლიოს 79 ქვეყნიდან, მათ შორის ევროპის 28, აქედან კი – ევროკავშირის 22 სახელმწიფოდან.
ამჟამად ევროკავშირი უსწრებს რუსეთის ფედერაციას საქართველოში განხორციელებული: ფულადი ტრანზაქციებით – თითქმის 2.5-ჯერ, საქონლის იმპორტით – 2.6-ჯერ, პირდაპირი ინვესტიციებით – 6.0-ჯერ. აღნიშნული ცალსახად ადასტურებს საქართველოს მზარდ საქმიან და ეკონომიკურ კავშირებს დასავლეთთან ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციით განსაზღვრული ორიენტაციის შესაბამისად.
ბოლო პერიოდში მსოფლიოში მომატებული ვოლატილობისა და ქვეყანაში ცალკეული ძალების მიერ პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მცდელობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ავლენს სიმყარეს, ინსტიტუციურ და მაკროეკონომიკურ მდგრადობას, რაც გამოიხატება მონეტარული განაკვეთის შემცირებაში, ინფლაციის შედარებით დაბალ ტემპსა და ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპში, უმუშევრობის დონის საგრძნობ შემცირებაში, მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილებაში 35 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსოს შავი ზღვის ფსკერზე გამავალი მაღალი ძაბვის ელექტროკაბელის გაყვანის პროექტი და სხვ.
ყოველივე ეს ქმნის პოზიტიურ კუმულატიურ მუხტს საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეროვნული მეურნეობის დინამიური განვითარებისა და მისი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო, ეკონომიკური ფუნქციის კიდევ უფრო ზრდისა და რეგიონის საკვანძო, მზარდი პოტენციალისა და ბიზნეს-ამბიციების მქონე სახელმწიფოდ ფორმირებისათვის.“-წერს სოსო არჩვაძე.