აქამდე ზაფხულისა და გაზაფხულის პერიოდში ჭარბი სავალუტო ნაკადები შემოდიოდა ქვეყანაში, ძირითადად რუსეთიდან, მათი გამოსყიდვით ეროვნულმა ბანკმა დიდი სავალუტო რეზერვები დააგროვა, რაც საშუალებას აძლევს არჩევნების პერიოდში ლარის სტაბილურობა შეინარჩუნოს, – ამის შესახებ ეკონომისტმა ირაკლი მურცხვალაძემ „კომერსანტთან“ ეროვნული ბანკის რეკორდულად გაზრდილი ინტერვენციების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ეროვნული ბანკი მაქსიმალურად შეეცდება არჩევნებამდე ლარის კურსი არსებულ ნიშნულზე შეინარჩუნოს.
„ეროვნული ბანკი, დიდი ალბათობით, არჩევნებამდე შეძლებს კურსის დაჭერას. ეროვნული ვალუტა საკმაოდ მგრძნობიარე თემაა და პანიკა რომ არ შეიქმნას, არ მგონია ფულის დახარჯვაზე ეროვნულმა ბანკმა უკან დაიხიოს“, – ამბობს ეკონომისტი.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს განხორციელებული სავალუტო აუქციონით $60 მილიონი გაყიდა, რაც ოქტომბრის რიგით მესამე სავალუტო ინტერვენციაა. მიმდინარე თვეში ჯამში ინტერვენციების მოცულობამ $173.4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.