ქვეყანაში უსაფრთხოების სტანდარტი არ არსებობს – მამუკა ხაზარაძე

“ძლიერი საქართველოს” ლიდერი ბათუმში დაღუპული მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების სტანდარტები აღარ არსებობს. მისი თქმით, მსგავსი ტრაგედიები ცხადყოფს ხელისუფლების გულგრილ და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას.
“მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპული ბავშვების მშობლებს, ახლობლებს და მთელ საქართველოს მინდა, მივუსამძიმრო. ეს, სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა არ არის და მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი სტანდარტი უსაფრთხოების, განსაკუთრებით, ბავშვების მიმართულებით. ეს ეხება სკოლის შენობებს, სპორტულ მოედნებს, შადრევნებს და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას. ეს ყველაფერი მოდის თავიდან, რანაირი დამოკიდეულებაც აქვს ხელისუფლებას ქვეყნის სტანდარტის მიმართ, ეს ითარგმნება საბოლოო ჯამში, ასეთ ტრაგედიებში”, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.
ლევან იოსელიანის თქმით, აუცილებელია შეიმუშავდეს ეფექტიანი პრევენციული და რეაგირების მექანიზმები საჯარო სივრცეებსა და სამშენებლო-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით. მისივე თქმით, ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე პასუხისმგებლობით მოეკიდოს ურბანულ დაგეგმარებას, უზრუნველყოს საჯარო სივრცეების უსაფრთხოება და მათი მუდმივი მონიტორინგი, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები.