ქვეყანაში საშუალო ფენა არათუ ძლიერდება, არამედ უფრო სუსტდება

ეკონომიკური ზრდის სიკეთით ისევ მდიდარი ფენა სარგებლობს, ხოლო ღარიბები საშუალო საფეხურზე ვერაფრით ინაცვლებენ.საქართველოში საშუალო ფენა ვერ იქნა და ვერ ჩამოყალიბდა, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის სარგებელი ხელშესახები არ არის და ამ სიკეთით მოსახლეობის დიდი ნაწილი რეალურად ვერ სარგებლობს. ამასობაში მდიდრები უფრო მდიდრდებიან და ღარიბები საშუალო ფენაში ვერაფრით გადადიან. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ვერასდროს მოიტანს შედეგს, თუკი ცხოვრების დონე არ გაუმჯობესდება.
სწორედ ამაზე აკეთებენ აქცენტს ეკონომისტები, რომლებიც სოციალური უთანასწორობის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მდგომარეობა კიდევ დიდხანს ვერ გამოსწორდება ქვეყანაში, თუკი მოქალაქეები ეკონომიკური ზრდის დადებითი ეფექტით ვერ ისარგებლებენ.
ფაქტობრივად, ყოველი მეხუთე ადამიანი მთავრობის დახმარების იმედადაა. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურ შემწეობას იღებენ ისინიც კი, რომლებსაც შესაძლოა, ასეთი დახმარების საჭიროება საერთოდ არ ჰქონდეთ. როგორც ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ აღნიშნა, სოციალური დახმარების მიმღებთა მაღალი მაჩვენებელია დიდწილად განპირობებულია იმითაც, რომ ადამიანები როგორც სოფლად, ასევე ქალაქშიც, ფიზიკური შრომისგან მაქსიმალურად იკავებენ თავს.
,,მატერიალური დოვლათის განაწილება არაპროპორციულად მიმდინარეობს. ეკონომიკური ზრდის სარგებელი, ძირითადად, საზოგადოების მცირე ნაწილს ეხება და უმრავლესობა განზე რჩება. ამიტომ ხალხი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ვერ ახერხებს.
ამ ეტაპზე ინფლაცია არ გვაქვს, მაგრამ როცა ინფლაციური პერიოდია ქვეყანაში, მოქალაქეების უფრო გაღარიბებულად გრძნობენ თავს. ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს, რომ მოსახლეობა მთავრობის მხრიდან შემწეობის ამარაა და ცდილობს სოციალური სტატუსის მიღებას, ხოლო ვისაც აქვს შემწეობა, არ უღირს, რომ მუშაობა დაიწყოს რომელიმე სექტორში, თუ გაცილებით მეტს არ აიღებს. მაგალითად, ოჯახი თუ იღებს სოციალური შემწეობით 500 ლარს, 700-ლარიან ხელფასს არ დათანხმდება, რადგან სოციალურ შეღავათებს კარგავს. არაფრის კეთებით კი ფულს იღებს. მართალია, შეუძლია ერთჯერად სამუშაოზე დასაქმდეს, არც ფულად დახმარებას დაკარგავს, მაგრამ ესეც არ უნდათ. ჩვენი მოქალაქეების უდიდეს ნაწილი მთავრობის ხელის შემყურეა და არ ცდილობს, გაექცეს შემწეობას.
საკმაოდ რთულად დგას ეს საკითხი საქართველოში. ერთადერთი გამოსავალია ხელისუფლების ცვლილება ს გზით, ეკონომიკის სიჯანსაღე, საშუალო ფენის ჩამოყალიბება და კეთილდრეობა სხვა გზით წარმოუდგენელი მეჩვენება“, – განაცხადა აკაკი ცომაიამ.
ცნობილია, რომ 2023 წელს, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 377 ათასი შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ – 122 900.
რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია – 72 800, საიდანაც 31 900 დახმარების მიმღებია.
“ახალი ეკონომიკური სკოლის” პრეზიდენტის პაატა შეშელიძე აზრით, სისტემაში წლობით გაჩერებული ადამიანების ასეთი მაღალი რიცხვი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა სოციალური დაცვის მწყობრი პოლიტიკა და სიღარიბის დაძლევისკენ მიმართული ეფექტიანი მექანიზმები. აშკარაა, რომ საშუალო ფენა ვერ გაძლიერდა ქვეყანაში, სიღარიბე კი არის დაბრკოლება, რაც დიდი პრობლემაა და ზომებიცაა მისაღები.
,,საშუალო ფენა რეალურად არ არის ქვეყანაში, იმდენად მცირე მაჩვენებლითაა, რომ სათვალავშიც არ მიიღება. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი სახელმწიფოს კმაყოფაზეა. ეს ხდება იმიტომ, რომ სისტემა ვერ ეხმარება ადამიანებს, თავი დააღწიონ სოციალური შემწეობის მიმღები ბენეფიციარის სტატუსს.
როგორც ვიცით, 2021 წელს სოციალური დახმარების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმი გაამკაცრეს, რასაც სტატისტიკაზე გავლენა უნდა მოეხდინა და აჩვენა ისე, თითქოს შემწეობის მიმღებთა რიცხვი შემცირდა, სინამდვილეში იგი მაინც ძალაინ მაღალია, რაც პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს ტოვებს. ფაქტია, რომ მთავრობა ამ პრობლემის მომგვარებელი არ არის. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ამ ადამიანების გული მოიგონ და გაცემული დახმარებების ავანსად მათი მხარდაჭერა მიიღონ. საბოლოოდ ეს დამოკიდებულება არჩევნების დროს მიცემულ ხმებში გამოიხატება.
თუკი ეკონომიკა ასე იზრდება და მაკროეკონომიკური პარამეტრებიც უმეტესად გაუმჯობესებულია, შემწეობზე ასე მასობრივად არ უნდა იყოს მოსახლეობა დამოკიდებული. ამ დროს ბევრი ხელშემწყობი პირობაა ქვეყანაში დასაქმებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, გადამზადების კურსი და სხვა შესაძლებლობებია, მაგრამ არც ამით სარგებლობს ხალხი, რადიკალური ძვრებია საჭირო, რომ ეს მოჯადოებული წრე გაირღვეს და სოციალური ფონი გაუმჯობესდეს ქვეყანაში“, – აღნიშნა შეშელიძემ.
როგორც ეკონომისტი აცხადებს, რა ღონისძიებებიც სახელმწიფოს მხრიდან იდგმება, არასწორია, შედეგზე ორიენტირებული არ არის და მოგვარების ნაცვლად, უფრო მეტად აღრმავებს პრობლემას.
,,სოციალური ფონი უარესდება და ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბდება. ამის ნიშნებს ყველა ვხედავთ, ხალხი გაჭირვებულია და სულ უფრო და უფრო მეტ სახსარი სჭირდება ყოველდღიური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, შემოსავლების სიმცირის გამო მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები, საკვების დეფიციტს განიცდიან. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შიმშილობის ზღვარზეა, ამას ხედავს ხელისუფლებაც,
ამ დროს ეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესებულია, შთამბეჭდავი ზრდა გვაქვს და აქედან სარგებელს, ფაქტობრივად, ვერავინ იღებს. მდგომარეობა რომ შეიცვალოს, ბიზნესს აქტივობის საშუალება უნდა მიეცეს. რაც ხდება ეს არ არის გამოსავალი. ის ადამიანები, რომლებიც დახმარებას იღებდნენ, დახმარებას იღებენ დღესაც და ამავე დროს საჯარო მოხელეები არიან, საქმე საქმეზე რომ მიდგრს, აღმოჩნდება, რომ ბევრი ჩვენი მოქალაქე (სოციალურად დაუცველი) ამ სქემაში ჩართულია და არაფერს აკეთებს რეალურად და უხდიან ფულს. ამ დროს კი არის ჯანსაღი, შრომისუნარიანი ადამიანები და შეუძლიათ სასარგებლო საქმის კეთება”, – განაცხადა შეშელიძემ და დასძინა, რომ საჭიროა საგანმანათლებლო პროექტების შემუშავებაა, რომ ხალხმა სიღარიბეს თავი დააღწიოს.
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ბოლო მონაცემებით წლის დასაწყისიდან მთლიანი შიდა პროდუქტი 9%-ით გაიზარდა. ბოლო 3 წელია ამ მხრივ ორნიშნა ან მასთან მიახლოებული შედეგი გვაქვს, მაგრამ ქვეყანაში საშუალო ფენის ჩამოყალიბებას საშველი არა და არ დაადგა.
წყარო: რეზონანსი

ასევე დაგაინტერესებთ