“ქვეყანაში სასაწყობე ინფრასტრუქტურა მოძველებულია და თანამედროვე სტანდარტებს არ პასუხობს” – ნინო მენთეშაშვილი

“არაორგანიზებული და ფრაგმენტული ბაზარი, სადაც მრავალი მცირე ოპერატორი დომინირებს” – ამ სათაურით “ “ქვეყანაში სასაწყობე ინფრასტრუქტურაზე კვლევას აქვეყნებს.
ორგანიზაციის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ბოლო წლებში საწყობებსა და ლოგისტიკასთან დაკავშირებულ სერვისებზე მოთხოვნა მომატებული სატრანზიტო ნაკადების და ადგილობრივი მოთხოვნის გამო გაიზარდა და ჯამურად საწყობების საშუალო დატვირთვა 57%-ს შეადგენს”.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მასშტაბურ ლოგისტიკური ცენტრის პროექტს ახორციელებს ფედექსის ლიცენზიატი კომპანია, რომლის ამოქმედებაც მაისიდან იგეგმება. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყანაში სასაწყობე ფართების ქაოსური განლაგების გარდა გამოწვევაა ამ ფართების თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვა, რაც პროცესებს ამარტივებს. მათი თქმით, საქართველოში ძირითადად ძველი შენობებია, სადაც შესაძლებელია მხოლოდ ტვირთის ყოველგვარი სერვისის მიღების გარეშე შენახვა, რაც დამკვეთი კომპანიებისთვის არაერთ გამოწვევას ქმნის.
“საცალო ვაჭრობის მოცულობის ზრდასთან ერთად დგება საკითხი იმისი, რომ მათ სჭირდებათ თანამედროვე და არა კუსტარული სასაწყობე მეურნეობა. სასაწყობე მეურნეობა უნდა იყოს თანამედროვე, კარგი ტექნიკით აღჭურვილი და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული. შესაბამისად, იმ მოცულობებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოში მივიღეთ კოვიდის შემდგომ პერიოდში, ვგულისხმობ საცალო ვაჭრობას და იმ სფეროებს როგორიც არის, მაგალითად ჰოსპიტალური სექტორი, სააფთიაქე სექტორი, ძალიან სწრაფად გაჩნდა საჭიროება თანამედროვე სასაწყობე ინფრასტრუქტურების. სასაწყობე ინფრასტრუქტურა არსებობს საქართველოში, თუმცა უმეტესი მათგანი არის პოსტსაბჭოთა დროინდელი შენობები და თითქმის არ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს, როგორც ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ისე ტექნიკის და მუშახელის თვალსაზრისით. ყველაფერი დეფიციტშია.
ასევე ძალიან დიდი პრობლემაა და მნიშვნელოვანია განვითარდეს სერვისები, რომელიც შენახვასთან არის დაკავშირებული. ე.წ 3PL, 4PL, 6PL ეს სამომავლო თემაა, მაგრამ რას ნიშნავს თუნდაც 3PL, – ეს ნიშნავს სრულად გაუწიო ლოგისტიკური მომსახურება სხვა კომპანიებს, ეს არ გულისხმობს მხოლოდ ტერიტორიას და თაროებს, რაზეც ტვირთი უნდა დააწყო. ეს გულისხმობს სრულ სერვისს, დაწყებული შეფუთვიდან, აწონვიდან, დამთავრებული ზედნადებების გამოწერით, მიწოდებით, გადაფუთვით და შენახვასთან თუ მომარაგებასთან დაკავშირებული სერვისებით, რომელიც სჭირდება მომხმარებელს. ეს მიწოდების ჯაჭვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია,”- აცხადებს საქართველოში FedEX-ის წარმომადგენელი კომპანიის დირექტორი ნინო მენთეშაშვილი.
მენთეშაშვილის თქმით, ლოგისტიკური ცენტრის პროექტის მშენებლობა საბოლოო ფაზაშია და მისი შეფასებით, ის ოპერირებას სავარაუდოდ მაისიდან უკვე დაიწყებს.