„ქვეყანაში პოლიტიკური კუთხით არსებული გარკვეული კრიზისი ინვესტიციების შემოდინების ნაწილში შემაფერხებელია“, – ამის შესახებ სამშენებლო კომპანია „არსის“ დირექტორმა ბესო ორთოიძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც ორთოიძე აღნიშნავს, საქართველოში არსებულ გარემოსთან დაკავშირებით არსებობს კითხვის ნიშნები, რაც სამშენებლო სექტორში ინვესტიციების მოზიდვას ხელს უშლის.
„მიმდინარე წლის პირველი ნახევრის სტატისტიკამ მოლოდინების ნაწილში გარკვეული ცვლილებები შეიტანა, თუმცა თუ გლობალურად შევხედავთ, ქვეყანაში პოლიტიკური კუთხით არსებული გარკვეული კრიზისი, რა თქმა უნდა, ინვესტიციების შემოდინების ნაწილში შემაფერხებელია. საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნებია საქართველოსთან დაკავშირებით და ეს აფერხებს სექტორში ინვესტიციებს.
გარდა ამისა, ბანკები ჩვენს ბიზნესში გაზრდილ რისკებს ხედავენ. აღნიშნული შეიმჩნევა იპოთეკური სესხების ნაწილში, რომელიც აჩვენებს შემცირებას. საფინანსო ინსტიტუტები, ალბათ, ახალ პროექტებს ბევრად უფრო ყურადღებით და მაღალი რისკით აფასებენ, ვიდრე აქამდე იყო“, – აღნიშნავს ბესო ორთოიძე.
გასული თვეების განმავლობაში სამშენებლო სექტორი აცხადებდა, რომ შექმნილი ვითარების ფონზე, ახალი პროექტების განხორციელებისგან დარგი თავს იკავებდა.
„საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნებია საქართველოსთან დაკავშირებით“
ორთოიძის თქმით, გასული თვეების განმავლობაში შეიმჩნევა დეველოპერულ პროექტებში გაყიდვების ზრდა, თუმცა ივლისის ჭრილში ადგილი აქვს კლებას. „არსის“ დირექტორი აღნიშნავს, რომ ტრანზაქციების ფონზე ბიზნესების ნაწილი ფიქრობს ახალ პროექტებზე, ნაწილისთვის კი ქვეყანაში არსებული ფონი კვლავაც შემაფერხებელია.
„სამშენებლო ბაზარზე პოზიტიური არის ის, რომ ტრანზაქციების ნაწილში ბაზარი ნორმალურად გამოიყურება, რაც გარკვეულ ბიზნეს სუბიექტებს აძლევს საშუალებას, რომ იფიქროს ახალ პროექტზე, ბიზნესების ნაწილისთვის კი ქვეყანაში არსებული არასტაბილური სიტუაცია მაინც შემაფერხებელი ფაქტორია“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ბესო ორთოიძემ.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი
