„ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, ვიზიტორების აქტივობა შედარებით შემცირებულია“ – „ლილო მოლი“

ამიერკავკასიის რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი – ,,ლილო მოლი“ 2024 წელს „ბიზნესპარტნიორთან“ აჯამებს. როგორც სავაჭრო ცენტრის დირექტორი გიორგი კვარაცხელია აღნიშნავს, მიმდინარე წელი შემოსავლების თვალსაზრისით კომპანიისთვის ნორმალური იყო, თუმცა, ბოლო პერიოდის განმავლობაში არსებულმა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ, გარკვეული ნეგატიური შედეგიც მოიტანა.
როგორც კვარაცხელია აცხადებს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მცირედი კლება ფიქსირდება, რისი მიზეზიც ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული პროცესებია.
„შედარებით შემცირებულია ვიზიტორების რაოდენობა, ვაჭრობა მეწარმეებს ჯერ არ აქვთ შეჯამებული, თუმცა, აქტივობაზე ვატყობთ, რომ მცირედი კლება იქნება,“-აცხადებს კვარაცხელია.
სავაჭრო ცენტრის დირექტორი მოლოდინებზე ვერ საუბრობს და აცხადებს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაში განვიტარებულ პროცესებზე. „ახლა მაინც წინასაახალწლო პერიოდია და ჩვენი სავაჭრო ცენტრი მოთხოვნადია როგორც მეწარმეებისთვის, ისე ვიზიტორებისთვის. უკვე ახალი წლის შემდეგ რა იქნება არ ვიცი,“-აცხადებს კვარაცხელია.
„ლილო მოლის“ დირექტორი გაფართოების მასშტაბურ გეგმაზეც საუბრობს. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია სამშენებლო ნებართვას ელოდება,რომლის მიღების შემდეგაც გაფართოების პროექტის განხორციელება დაიწყება.
სავაჭრო ცენტრის საკუთრებას წარმოადგენს 35 ჰექტარზე განლაგებული სავაჭრო კომპლექსი, სადაც 6 000-მდე მაღაზიაა განთავსებული. ‘’ლილო მოლი“ 33 წლის წინ გაიხსნა. დღეის მდგომარეობით, 4000-მდე ადამიანია ეწევა სავაჭრო საქმიანობას. სავაჭრო ცენტრს ყოველწლიურად 4 მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები საპროტესტო აქციებს თითქმის 3 კვირაა, რაც ყოველ დღე მართავენ.
bp.ge