„ჩვენ სტუმრები ძირითადად მაღალშემოსავლიანი, დასავლეთ ევროპელი ხალხია, რომლებიც პრესას ძალიან სენსიტიურად ეცნობიან, შესაბამისად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო ჯავშნები დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან და პრიბალტიკის ქვეყნებიდან გაგვიუქმდა“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ ალპური სასტუმრო „ალტიჰატის“ დამფუძნებელმა ნიკოლოზ ალავიძემ უთხრა, მისი თქმით ამ მონაცემებით უკვე ჯავშნების 30% გაუქმებულია.
„ჩვენთვის ეს ძალიან მტკივნეული პროცესია, რადგან ჩვენ გარანტირებულ ჯავშნებზე ვმუშაობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურისტები თანხას წინასწარ გვიხდიან, ამიტომ თანხის უკან დაბრუნება მოგვიწია, სერიოზული ზარალი გვაქვს ამ მხრივ, ჩვენ ყველას ვინც ჯავშანი გააუქმა თანხა უკან დავუბრუნეთ, ფორსმაჟორში ვერ გავატარებდით რადგან არ იქნებოდა ამ ყველაფერზე აპელირება სწორი, იმედი გვაქვს, რომ მაინც პოზიტივი იქნება“ – აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ.
„ალტიჰატში“ მაღალ სეზონად ივნისის მეორე ნახევრიდან ოქტომბრის ბოლომდე პერიოდი ითვლება, შემდეგ ზამთარში კი „ალიტჰატს“ სკიტურის და თავგადასავლების მოყვარული ტურისტები სტუმრობენ. ნიკოლოზ ალავიძე აცხადებს, რომ წელს „ალტიჰატის“ სეზონი ვადაზე უფრო ადრე გაიხსნა, გარდა ამისა ზამთარში „ალტიჰატმა“ სკი ტურის მიმართულებით ტურისტებს უკვე უმასპინძლა.
„ჩვენ სეზონი ვადაზე უფრო ადრე გავხსენით, ზამთარში კი სკი ტურიდან გამომდინარე დიდი აქტივობა გვქონდა, დღესაც და გუშინაც გვყავდა სტუმრები. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ბუტიკურ სათავგადასავლო ტურისტულ კომპანიასთან დიდ ბრიტანეთში, რომელიც ფარავს დიდ ბრიტანეთს, სკანდინავიის ქვეყნებს და ძირითადად იქიდან ხდება ტურისტების წამოყვანა. ზამთარში ჩვენი სტუმრები არიან სკანდინავიიდან, აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან. ესენი არიან ყველაზე მაღალმხარჯველი ტურისტები და მიმდინარე მოვლენების გამო სწორედ ამ მხრივ დავზარალდით. ძალიან რთულია, რომ მათ აუხსნა, რომ პროტესტი რომელიც ქვეყანაშია არის მშვიდობიანი, ისინი წყაროდ პოპულარულ მედიას იყენებენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ არ მოქმედებს“ – აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ.
