Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოში მეტი უცხოური ინვესტიციის შემოსვლისთვის ხელისუფლების მხრიდან ბიზნესთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო.
ამის შესახებ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ BM.GE-ის საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმზე დასწრებისას განუცხადა.
გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ პანდემიის შემდეგ თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი პირველად ჩატარდა, რომელსაც 250 ბიზნესმენი ესწრებოდა. ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე იმასაც აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში თურქეთიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკლებობა იყო, თუმცა ის იმედოვნებს რომ ამ ბიზნესფორუმის შემდეგ თურქი ინვესტორების ინტერესი საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირების მიმართულებით გაიზრდება.
„ვფიქრობ, შედეგზე ორიენტირებული ბიზნეს ფორუმი გამოვიდა. ბოლო პერიოდში საქართველოში თურქული ინვესტიციების ნაკლებობა იყო, თუმცა ამ ბიზნესფორუმის შემდეგ თურქი ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი შეიძლება გაიზარდოს. ენერგეტიკის სექტორში უკვე გვაქვს ახალი ინვესტიციები, რომელიც მზის და ქარის ენერგიის პროექტში ჩაიდება. ვფიქრობ, თურქული Exim Holding-ის შვილობილი „აჭარ ენერჯი“ საქართველოში 450 მლნ დოლარის ინვესტიციას ჩადებს. ამ პროექტზე მოლაპარაკებები დასრულებულია, სულ მალე შემოვა ტექნიკა და დაიწყება სამუშაოები. ეს არის პირდაპირი თურქული ინვესტიციები საქართველოში“, – აცხადებს ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე და დასძენს, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა ის მნიშვნელოვან სატრანსპორტო დერეფანს წარმოადგენს – „აქ ბევრი პროექტის განხორციელება და აქედან პროდუქტის Made in Georgia-ს ეტიკეტით სხვადასხვა ქვეყნებში გაგზავნა შეიძლება“.
გამოწვევების შესახებ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე გარკვეულ სირთულეებს არ უარყოფს და ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც ბიზნესთან სწორი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია.
„Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოში, რა თქმა უნდა, კითხვები არის, მაგრამ ჩვენ არაერთ ინვესტორს ვაწვდით ინფორმაციას, რომ კი – ხარვეზები არის, მაგრამ სხვადასხვა საკითხებზე მოლაპარაკებები შეიძლება იყოს. საქართველოში ინვესტორი რომ შემოვიდეს შესაბამისი ბიზნესკლიმატი უნდა არსებობდეს, ეს მთელ მსოფლიოში ასეა. ჩვენ, პირველ რიგში გვინდა ოჯახებში იყოს მშვიდობა, შემდეგ საქართველოში და მსოფლიოში. ეს მშვიდობა არის და იმედი მაქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ომები გაჩერდება. თუ ინვესტორი სულ მცირე უარყოფით სიგნალებს დაინახავს, ის ქვეყნიდან გადის, რაც ჩვენ არ გვინდა.
პირადად მე და ჩვენი წევრი კომპანიები ვფიქრობთ, რომ საქართველოში ინვესტიციების გაკეთებისთვის შესაბამისი ბიზნესკლიმატი არსებობს და იმისთვის რომ უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდეს, მთავრობისგან, ან ადგილობრივ ხელისუფლებისგან მეტი კომუნიკაციაა საჭირო… ერთმანეთთან უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს და ეს კომუნიკაცია არა 5 წელიწადში, არამედ წელიწადში ერთხელ უნდა იყოს“, – აცხადებს ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.
