„ქვეყანაში თუ არ გვექნება პროდუქცია, რომელსაც აქვს შანსი, გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე, მნიშვნელოვან პროგრესზე საუბარი შეუძლებელია“ – დავითაშვილი

საქსტატის მონაცემებით, ევროკავშირში ქართული პროდუქტის ექსპორტი შემცირებულია. დღეს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განმარტა, რომ ქვეყანა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ასრულებს, თუმცა ამას დრო სჭირდება.
„ევროკავშირში პროდუქციის ექსპორტისთვის მთელი რიგი სტანდარტებია დასაკმაყოფილებელი და საქართველო ამას ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების დღიდან აკეთებს. ჩვენ ავიღეთ ვალდებულებები და მათ შესრულებას წლები სჭირდება. რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ არის კერძო სექტორისთვის, რომ ერთ დღეში დანერგონ სტანდარტები, რომლებიც სრულფასოვან წვდომას მისცემთ ევროკავშირის ბაზარზე. ამავე დროს, ეს დამატებით ინვესტიციებსაც მოითხოვს. რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ჩვენ გარკვეულ მექანიზმებსა და ფონდებზე გვექნება წვდომა, რაც გაამარტივებს კერძო სექტორისათვის სტანდარტების დანერგვასა და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას”, – ამბობს ლევან დავითაშვილი.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალზე და აღნიშნა, რომ ექსპორტის გასაზრდელად ქვეყანაში წარმოების ზრდაა საჭირო.
„ჩვენი სავაჭრო დეფიციტი ეკონომიკისთვის მთავარ გამოწვევად წლებია რჩება. იმისათვის, რომ ეს აღმოიფხვრას, საქართველოში მეტი საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტი უნდა ვაწარმოოთ, რისთვისაც ცალკეული დარგების განვითარებაა აუცილებელი. ეს იყო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” იდეაც, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარებულიყო და სახელმწიფოს ამ პროცესის დაჩქარებისთვის შეეწყო ხელი. ქვეყანაში თუ არ გვექნება პროდუქცია, რომელსაც აქვს შანსი, გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან პროგრესზე საუბარი შეუძლებელია”, – აცხადებს დავითაშვილი.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის 11 თვეში საქართველოდან EU-ში 669 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 129 მილიონი დოლარით, ანუ 16%-ით ნაკლებია.