ბიომეღვინეობა “იაგოს ღვინოს” დამფუძნებლის იაგო ბიტარიშვილის განცხადებით, შიდა ბაზარზე დასავლელი ტურისტის რაოდენობა, რომელიც ბოთლის ღვინოს მოიხმარდა, მინიმუმამდე შემცირდა.
როგორც მან “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მეღვინეობა ადგილობრივ ბაზარზე ღვინოს არ ყიდის, არსებული კრიზისი შესამჩნევია.
რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებზე არსებულ მდგომარეობას – იაგო ბიტარიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული მიმართულებით გაყიდვები ჯერჯერობით შემცირებული არ არის, თუმცა ისეთი მზარდი დინამიკა, როგორიც ადრე შეინიშნებოდა აღარ არის.
“ზრდის დინამიკის შენელება ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა გამოიწვია. მათ შორის, ერთ-ერთი ფაქტორი იყო ინფლაცია. ჯერჯერობით ამას ვერ დავარქმევ კრიზისს, თუმცა პოზიტიური დინამიკა ქართულ ქვევრის ღვინოსთან დაკავშირებით ადრე უფრო იყო”, – აცხადებს იაგო ბიტარიშვილი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს – მეღვინეობის დამფუძნებლის ცნობით, “იაგოს ღვინო” წარმადობის ზრდას, ადგილობრივ ბაზარზე გამოჩენასა და პარალელურად საექსპორტო ბაზრების განვითარებას 2026 წლიდან გეგმავს.
“ჩვენი ვენახებიდან მოსავალს სავარაუდოდ, 2026 წლიდან მივიღებთ, რის შემდეგაც წარმადობის ზრდას და ასევე, საექსპორტო ბაზრების კუთხით განვითარებას ვგეგმავთ. გარდა ამისა, წარმადობის გაზრდა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენი ღვინო ადგილობრივ ბაზარზეც გავყიდოთ”, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, იაგო ბიტარიშვილს ვენახი მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში აქვს გაშენებული. ვენახი ბიომეურნეობაა, რადგან იქ ქიმიურ სასუქებს და შხამქიმიკატებს არ იყენებენ. ღვინო ტრადიციული ქართული წესით, ქვევრში მზადდება.
ბრენდი 11-მდე ქვეყანაში იყიდება, მათ შორის: იტალია, საფრანგეთი, ინგლისი, დანია, გერმანია, ესპანეთი, იაპონია, ჩინეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია და აშშ.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/giorgi-qadagidze-750x375-rcAWmS-300x150.jpeg)